მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის საქმე

მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების 16 მოწმე დაკითხეს

ქუთაისის საოლქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე ბრალდების 16 მოწმე დაკითხეს. სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ისინი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ მუშაობდნენ და გარკვეულ ანაზღაურებას იღებდნენ.

დღევანდელ პროცესს ვანო მერაბიშვილი არ დასწრებია. ზურაბ ჭიაბერაშვილმა კი, პროკურატურა მოწმეებზე ზეწოლაში დაადანაშაულა.

"მოწმე ამბობს, ხელშეკრულება წავიკითხე და არ ვიცი, რა პირობები ეწერაო. ამ დარბაზში ყველამ იცის, რომ იმ ხელშეკრულებაში ვალდებულებები წერია. არსებითად მნიშვნელოვანია, მოწმე გაეცნო თუ არა იმ ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოაწერა. თუ ამ საკითხს არ გავარკვევთ, პირდაპირ მცანით დამნაშავედ და გამიშვით ციხეში, დროს რატომ ვკარგავთ?" - თქვა ჭიაბერაშვილმა.

"პროკურატურა ცდილობს, რომ მოწმეების რაოდენობით მეტი დამაჯერებლობა შესძინოს საქმეს. მოწმები ნამდვილად ბევრი ჰყავთ, მაგრამ მათი დაკითხვა დაცვის მხარემ პრაქტკულად შეწყვიტა. ეს მოწმეები ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის ბრალეულობაზე არ საუბრობენ, ყვებიან რაღაც ისტორიებს, რომ არსებობდა ხელშეკრულება, რომელში ჩადებული პირობაც მათ არ შეასრულეს და აკეთებდნენ სხვა რამეს", - აცხადებს ადვოკატი ოთარ კახიძე.

პროკურორ ნათია სონღულაშვილის შეფასებით კი, თითოეული მოწმის ჩვენება მნიშვნელოვანია.

"დაცვის მხარეს და, კერძოდ, ზურაბ ჭიაბერაშვილს ალბათ არ მოსწონთ ის, რაც 16-დან 15-მა მოწმემ ძალიან ცალსახად განაცხადა. მათ თქვეს, რომ იყვნენ ნაციონალური მოძრაობის აგიტატორები, ამაში აიღეს ხელფასი და არანაირი შეხება დასაქმების პროგრამასთან არ ჰქონიათ", - აღნიშნა პროკურორმა.

ე.წ. ფიქტიური დასაქმების ეპიზოდში პროკურატურა ყოფილ მაღალჩინოსნებს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და ასეულობით პირის პარტიული ნიშნით დასაქმებაში ადანაშაულებს.

ვანო მერაბიშვილის და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი მოწმეების დაკითხვით 14 ნოემბერს გაგრძელდება.

კომენტარები