პრეზიდენტის რეზიდენცია

მარგველაშვილი: პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო კანცელარიაში განთავსდება

გიორგი მარგველაშვილის პრესსამსახური

არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოს ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაცია სახელმწიფო კანცელარიაში განთავსდება, ხოლო ავლაბრის რეზიდენციაში ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი გადავა.

"მე არ ვარ მომხრე, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია იყოს ასეთი დიდი მოცულობის და ვფიქრობ, რომ თანხა, რომელიც ავლაბრის რეზიდენციის მშენებლობაზე დაიხარჯა, ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. პოლიტსაბჭოზე წამოვაყენე წინადადება, რომ იქ განთავსდეს უნივერსიტეტი, შემდეგ ვესაუბრე მინისტრს და ჩამოვყალიბდით, რომ ეს უნდა იყოს ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი, რომელიც მომავალი წლიდან გაიხსნება. შესაბამისად, პრეზიდენტის ადმინიტრაცია განთავსდება სახელმწიფო კანცელარიაში და ამის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი ძალიან საინტერესო პროექტია.

"ეს საქართველოს მაღალი ხარისხის განათლებას მოუტანს. მიხარია, რომ ფული, რომელიც ბიუჯეტიდან ასეთ ფეშენებელურ შენობაზე დაიხარჯა, მოხმარდება ქართველ სტუდენტებს და მათ განათლებას", - თქვა მარგველაშვილმა.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თამარ სანიკიძის განმარტებით კი, "გიორგი მარგველაშვილმა განათლების სამინისტროს შესთავაზა, რომ პრეზიდენტის სასახლე საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ".

"შემიძლია, გაგანდოთ ინფორმაცია, რომელსაც პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით ვფლობთ. გუშინ ვესაუბრე გიორგი მარგველაშვილს, რომელმაც შემოგვთავაზა და რომლის ინიციატივაც არის, რომ ეს შენობა საგანმანათლებლო სფეროში გამოვიყენოთ. ჩემი მოსაზრება არის, რომ ეს შენობა უნდა გამოვიყენოთ მილენიუმის მეორე კომპაქტის ფარგლებში, სადაც ვფიქრობთ ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის დაფუძნებას. მე მგონი, ძალიან შესაფერისი და კარგი იქნებოდა ამ შენობის ამ საქმიანობისთვის გამოყენება", - განაცხადა თამარ სანიკიძემ.

კომენტარები