საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნების კარგად ჩატარებაში თავისი წვლილი პარლამენტსაც მიუძღვის. უსუფაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს 27 ოქტომბრის არჩევნები მიულოცა.
"ყველას გილოცავთ კარგი არჩევნების ჩატარებას, რომელშიც ჩვენ, საქართველოს პარლამენტმა, რამდენიმე საკანონმდებლო გადაწყვეტილებით მოკრძალებული წვლილი შევიტანეთ. რაც ყველაზე მთავარია, შეიქმნა პოლიტიკური კლიმატი, რომელმაც ჩვენს მოქალაქეებს არჩევანის თავისუფლად გაკეთების საშუალება მისცა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
პარლამენტში, საპრეზიდენტო არჩევნების გამო შეჩერებული სესიები, დღეიდან განახლდა. საკანონმდებლო ორგანო კვირის განმავლობაში ორ საკონსტიტუციო ცვლილებას განიხილავს. ესენია, კვორუმის დაწევა ¾-დან 2/3-მდე და პარლამენტის შენობის ადგილმდებარეობის შეცვლა. საპარლამენტო უმცირესობა შენობის გადატანას ეწინააღმდეგება, უმრავლესობას კი იმედი აქვს, რომ პარლამენტი ამ ცვლილებას მიიღებს.




