საზოგადოებრივი მაუწყებელი

თამაზ ტყემალაძე: წითელი ზონის დახურვა არ გვქონდა გადაწყვეტილი და არც დავხურავთ

თამაზ ტყემალაძე
ალია

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა თამაზ ტყემალაძემ ტაბულას განუცხადა, რომ არხის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, ფინანსური კრიზისის მიუხედავად არ დახუროს გოგი გვახარიას საავტორო გადაცემა.

"წითელი ზონის დახურვა ჩვენ არც გვქონდა გადაწყვეტილი. უბრალოდ, ფინანსური პრობლემებიდან გამომდინარე გვსურდა ამ კარგი ხალხისთვის გვეთქვა, რომ 2-3 თვე შეჩერებულიყვნენ, გადავხედეთ ჩვენს ფინანსებს და მივხვდით, რომ ამის გაკეთება საჭირო არაა, წითელი ზონა არ დაიხურება", - განუცხადა თამაზ ტყემალაძემ ტაბულას.

რამდენიმე საათის წინ ტყემალაძე ამბობდა, რომ წითელი ზონა 2013 წლის 1 დეკემბრიდან დაიხურებოდა.

"ამ ეტაპზე არ გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ ასეთი ძვირიანი გადაცემა შევინახოთ. რამე უფრო იაფფასიანს მოვამზადებთ, ეთერში მალაკოს ხომ არ გავუშვებთ? როცა ჩავდგებით ფორმაში, ამ ხალხს ისევ დავუძახებთ და მოვეფერებით", - განუცხადა ტაბულას რამდენიმე საათის წინ თამაზ ტყემალაძემ.

თამაზ ტყემალაძე მაუწყებლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად სამეურვეო საბჭომ 2013 წლის 6 სექტემბერს მას შემეგ დაამტკიცა, რაც დირექტორ გიორგი ბარათაშვილს უნდობლობა გამოუცხადა.

თამაზ ტყემელაძემ დანიშვნიდან მალევე, საზოგადოებრივ მაუწყებელში დახურა დავით პაიჭაძის საავტორო გადაცემა, ასევე, ეკა კვესიტაძის პოლიტიკური ტოქშოუ.

წითელი ზონა რადიო თავისუფლებისა და პირველი არხის ერთობლივი პროექტია. ავტორი გადაცემაში არ ერიდება რელიგიური და უმცირესობების, ასევე, საბჭოთა წარსულთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების გაშუქებას და კრიტიკულ მსჯელობას.

გოგი გვახარიას საავტორო გადაცემის რედაქტორი თეო ხატიაშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის თავდაპირველი გადაწყვეტილება გადაცემის დახურვაზე მის შინაარსს უფრო უკავშირდებოდა, ვიდრე ფინანსურ პრობლემებს.

"შვილიშვილს გეფიცებით, შინაარსი არაფერ შუაში არ არის და ზეწოლაც არავის მოუხდენია", - განუცხადა ტაბულას თამაზ ტყემალაძემ და ჩვენთან საუბარში უარყო, რომ გადაცემის დახურვის სურვილს რაიმე სხვა საფუძველი ჰქონდა, გარდა ფინანსური კრიზისისა.

კომენტარები