ბაჩო ახალაიას საქმე

მინაშვილი: საქართველოში კრიმინალს მწვანე შუქი აენთო

რადიო "თავისუფლება"

საპარლამენტო უმცირესობის წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, კრიმინალს საქართველოში მწვანე შუქი აენთო. დეპუტატმა ბაჩო ახალაიას მიმართ ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე გამოტანილ გამამტყუნებელ განაჩენს პოლიტიკური დაკვეთა უწოდა.

"საქმეში იყო ორი მხარე, კრიმინალური ავტორიტეტები ანუ მაფია და სახელმწიფო. დამონებულმა მოსამართლემ ქართული ოცნების დაკვეთით მიიღო ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც მწვანე შუქს აძლევს კრიმინალს საქართველოში", - თქვა მინაშვილმა. 

თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბაჩო ახალაიას ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე სასამართლომ 3 წლითა და 9 თვით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, იგივე სასჯელი შეეფარდათ ახალაიასთან ერთად ბრალდებულ დავით ჭაკუას, რევაზ ჭარბაძეს და მეგის ქარდავას, რომლებიც ძებნილებად ითვლებიან. თავდაპირველად განსაზღვრული სასჯელი 5 წელს შეადგენდა, თუმცა ამნისტიის შედეგად ერთი მეოთხედით შემცირების შემდეგ, სასჯელმა 3 წელი და 9 თვე შეადგინა.

ბაჩო ახალაიას 2-3 წლით თანამდებობაზე დანიშვნაც შეეზღუდება და, ამავდროულად, დაეკისრება 4000-ლარიანი ჯარიმა, ისევე როგორც სხვა ბრალდებულებს. 

ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებულებს მეგის ქარდავას, დავით ჭაკუასა და რევაზ ჭარბაძეს ბრალი არაადამიანურ მოპყრობასა და უფლებამოსილების გადამეტებაში ედებათ.

 

კომენტარები