არჩევნები 2013

გიგა ბოკერია: ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას

გიგა ბოკერია
tabula.ge

"ჩვენ პატივს ვცემთ ქართველი ამომრჩევლის მიერ გამოხატულ ნებას, ვულოცავთ გამარჯვებულს და გავაგრძელებთ ბრძოლას, როგორც ცივილიზებული ოპოზიცია" - ასე გამოეხმაურა უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია საპრეზიდენტო არჩევნების ეგზითპოლების შედეგებს. მისი განცხადებით, საერთო სურათი ნათელია.

"მიუხედავად ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ მიმართული ერთწლიანი რეპრესიების კამპანიისა, რამაც არჩევნების კონკურენტუნარიანობაზე გავლენა მოახდინა, ნაციონალური მოძრაობა დაინტერესებულია სტაბილურობით და მშვიდობით. ნაციონალური მოძრაობა არის მთავარი ოპოზიციური ძალა და პოლიტიკურ ბრძოლას განაგრძობს იმ მეთოდებით, რაც დემოკრატიულ ქვეყანას შეეფერება" - აღნიშნა ბოკერიამ. 

ცნობისთვის, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის დაკვეთით, გერმანული კომპანია GFK-ს ჩატარებული ეგზითპოლის მონაცემებით, გიორგი მარგველაშვილს ხმების 66.7% აქვს, დავით ბაქრაძეს 20.2%, ნინო ბურჯანაძეს 7.5%. ტელეკომპანია იმედის დაკვეთით, კომპანია ACT ჯგუფის მიერ ჩატარებული ეგზითპოლების მიხედვით კი, საპრეზიდენტო არჩევნებზე გიორგი მარგველაშვილმა ხმების 68,0% მოიპოვა, დავით ბაქრაძემ 17,1%, ხოლო ნინო ბურჯანაძემ - 9,9%.

დავით ბაქრაძემ ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატს გიორგი მარგველაშვილს პრეზიდენტად არჩევა წინასწარ მიულოცა იმის მიუხედავად, რომ მისივე თქმით, ეგზითპოლი არჩევნების შედეგების მხოლოდ წინასწარ შეფასებას აჩვენებს.

კომენტარები