ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არაფერში გასვრილი არ ყოფილა. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.
"ამ ტიპაჟებს, რომლებიც დამდევენ პირდაპირ ფულს უხდის პოლიცია, ეს ყველამ ვიცით. ეტყობა, რაღაცას ზედმეტად ნერვიულობენ საქართველოს მთავრობაში და ზედმეტად ეშინიათ ჩემი, იმის მიუხედავად, რომ ჩემი პრეზიდენტობა მთავრდება. ალბათ, რაღაც ისეთი იციან, რაც მე არ ვიცი. მთავარი, რაც იციან, არის ის, რომ ჩვენ ისე გავლიეთ ეს წლები, არანაირი სერიოზული უარყოფითი რამ არ არსებობს, ვინმემ ამ გაგებით შარი რომ მოგვდოს. მე მართლაც შევძელი, 10 წელი მთავრობას ეფუნქციონირა ისე, რომ არ ყოფილიყო კორუმპირებული და თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურა ხალხისთვის. ასეთ მთავრობასთან და პრეზიდენტთან, თუნდაც მაშინ, როდესაც ის ყოფილია, ბრძოლა ძნელია. ძნელია ბრძოლა იმ ხალხთან, ვინც არაფერში გასვრილი არ ყოფილა. ეს ანერვიულებს ალბათ ყველაზე მეტად იმ ადამიანებს, ვინც ბოლო წუთამდე ეწევა ასეთ ისტერიულ კამპანიას ჩემ წინააღმდეგ", - განაცხადა პრეზიდენტმა.
ჟურნალისტებისთვის კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა ზანდუკელის ქუჩაზე მდებარე სახლში გააკეთა, სადაც იგი პრეზიდენტად არჩევამდე ცხოვრობდა და სადაც, მისი თქმით, ინაუგურაციის შემდეგ, საცხოვრებლად დაბრუნდება. მისივე თქმით, ამ სახლში მისი 10-წლიანი პრეზიდენტობის პერიოდში არაფერი შეცვლილა.
"ამ ბინაში ვცხოვრობდით რევოლუციამდე, უკვე გადმოვიტანეთ ჩვენი ნივთები და აქ ვიცხოვრებთ. ჩემი პრეზიდენტობის თითქმის 10-წლიანი პერიოდის შედეგად ჩვენი ბინა თითქმის იგივეა, მხოლოდ ოდნავ შევარემონტეთ. მაგრამ საქართველო, რომელიც ამ ფანჯრებიდან ჩანს, არის ძალიან განსხვავებული. საბოლოო ჯამში ამით იზომება ყველა მმართველის საქმიანობა და არა იმით – რას ლაპარაკობდა, ან სხვა რა ხდებოდა. საქართველო შეუქცევადად შეიცვალა უკეთესობისკენ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.





