არჩევნები 2013

სააკაშვილი: არჩევანი უნდა გავაკეთოთ ზარალის მინიმიზაციის კუთხით

მიხეილ სააკაშვილი
fb.com/SaakashviliMikheil

ამ შემთხვევაში, როცა მთავრობა არის კონკრეტული ძალის ხელში, არჩევანი უნდა გავაკეთოთ ზარალის მინიმიზაციის კუთხით. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მან ხმა ბარნოვზე მე-9 საარჩევნო უბანზე მისცა და კომენტარი ჟურნალისტებისთვის უბნის ახლოს, საკუთარ სახლში გააკეთა.

"მთავარი პროექტები საქართველოში არის შეჩერებული, ჩვენ ეს ყველამ კარგად ვიცით. დაპაუზებულ მდგომარეობაშია ქვეყანა, ჩვენ ეს კარგად ვიცით. ბევრი სხვა ტენდენცია შეიმჩნევა, რომელიც არ არის ხალხისთვის ნამდვილად კარგი და ეს ხალხმა მშვენივრად იცის. ახლა საჭიროა ამ ყველაფრის მინიმიზაცია და საფუძვლის მომზადება შემდგომი შემობრუნებისთვის", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ეს არჩევნები საქართველოში ბევრ რამეს არ წყვეტს, რადგან პრეზიდენტის ახალი ფუნქციები აღარ მოიცავს აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელობას."მაგრამ მეორეს მხრივ, პარლამენტის ხელშია მთავრობა, არჩევნების შედეგებსაც აქვს ამ მხრივ გარკვეული მნიშვნელობა. მოხდება სერიოზული გადაჯგუფებები საქართველოში. შემდეგი მთავრობები - და მთავრობები, მე ვფიქრობ, ჩქარა შეიცვლებიან - იფუნქციონირებენ იმ პირობებში, როცა ისინი იქნებიან ყოველდღიური კონტროლის ქვეშ. ამ მხრივ, ეს არის ახალი სკოლა დემოკრატიის, როცა ხალხს ექნება, თუ კარგად გააკონტროლებს, პირველად შესაძლებლობა თავის აღმსარულებელ ხელისუფლებას ყოველდღიურად შეახსენოს, რომ მასზე უნდა იზრუნოს. მე ასე მგონია, რომ ახალი მოდელი ამ მხრივ, არის სწორი", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

სააკაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ფუნქციების უმრავლესობა სიმბოლურია, სულერთი არ არის როგორ დამთავრდება ეს საპრეზიდენტო არჩევნები, რადგან პრეზიდენტს საერთაშორისო ასპარეზზე ენიჭება დიდი მნიშვნელობა. 

მისივე თქმით, ყველა პოლიტიკოსი გარკვეული პერიოდის შემდეგ თავის მარაგს ამოწურავს. "როგორც არ უნდა დამთავრებულიყო საპარლამენტო არჩევნები, მე ვაპირებდი პოლიტიკისგან დასვენებას გარკვეული დროით და ეს იყო ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება. თუ აღმშენებლობა გაგრძელდებოდა, ვაპირებდი, საერთოდ თავი დამენებებინა პოლიტიკისთვია. ამის შესახებ ჩემმა თანაგუნდელებმა და საერთაშორისო პარტნიორებმა კარგად იცოდნენ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, საქართველო შედის გაურკვევლობის რთულ ეპოქაში. "ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გაერკვეს, ვიდრე მე როგორ გავერკვევი და მე რას გავაკეთებ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

კომენტარები