არჩევნები 2013

დემოკრატიული მოძრაობა: ამომრჩეველს აიძულებენ - შემოხაზონ 41

პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის პარტიის პრესსპიკერის თამარ ცინცაბაძის განცხადებით,  ქუთაისის მე-13 უბანში, სკოლის დირექტორი ქართული ოცნების სააგიტაციო სურათებს არიგებს. მისივე თქმით, #60 უბანზე ქართული ოცნების წარმომადგენელმა ნაბეჭდი სააგიტაციო მასალა დაარიგა. დემოკრატიული მოძრაობის პრესპიკერის ინფორმაციითვე, ახალციხის #37 ოლქის #29 უბნის ტერიტორიაზე ოცნების კოორდინატორი ხმამაღლა აგიტაციას ეწევა და შემსვლელ ხალხს მოუწოდებს, ხმა მისცენ და შემოხაზონ #41.

"სიღნაღში ამომრჩეველი კომპაქტურად მიჰყავთ სამარშრუტო ტაქსებით, რომლებზეც ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის პლაკატებია გამოკრული", - განაცხადა ცინცაბაძემ და აღნიშნა, რომ დაფიქსირდა ზეწოლის ფაქტებიც. კერძოდ, მისი თქმით, დმანისში, 43-ე უბანზე კომისიის წევრი კაბინაში უშუალოდ კენჭისყრას ესწრება და ამომრჩეველს აიძულებს -  შემოხაზოს 41.

"ამასთან, ქუთაისში, 13-ე უბანზე ბიულეტენები გაცემულია რეგისტრატორებზე და ნომრები არ არის მითითებული. დამკვირვებლებს არ ეძლევათ საშუალება, გადაამოწმონ ინფორმაცია და თავმჯდომარე უარს ამბობს, გამოასწოროს ხარვეზი. ამბროლაურში, სოფელ კრიხში, გადასატანი ყუთის სიებში შეყვანილი არიან პირები, რომლებსაც შეუძლიათ გადაადგილება" - ამბობს ცინცაბაძე. 

გარდა ამისა, ბურჯანაძის პარტიის ინფორმაციით, გარდაბანში, 54-ე უბანზე, გადასატანი საარჩევნო ყუთის ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 7%-ს. ასევე ამბროლაურში, სოფელ კრიხში გადასატანი ყუთის სიაში შეტანილი ამომრჩევლები არ არის საერთო სიაში დაფიქსირებული. 

"ახალციხის 37-ე საოლქოს 35-ე უბანზე "ოცნების" ატივისტი და ამჟამად ახალციხის ციხის დირექტორი გუჯა ბიჭაშვილი ყვირის, აშინებს და ზეწოლას ახდენს ამომრჩეველზე. ბათუმის მე-2 საარჩევნო უბანზე კი გამოკრული იყო მესამე უბნის სიები და მესამე უბანზე მეორე უბნის სიები, რის გამოც მოქალაქეებს არ ეძლევათ ხმის მიცემის საშუალება. მე-12 უბანზე საარჩევნო სიებიდან ამოღებულია 200 ამომრჩეველი იმ მოტივით, რომ ინვესტორის მიერ ათვისებულ ობიექტზე მიმდინარეობს მშენებლობა, რის გამოც იქ მცხოვრებლები მოხსნეს რეგისტრაციიდან და ხმის მიცემის საშუალება არ ეძლევათ. ბათუმის მესამე საარჩევნო უბანზე დაზუსტებულ საარჩევნო სიებში არ არის მოქალაქეთა მონაცემები, რის გამოც მოქალაქეების ნაწილი ვერ აძლევს ხმას. ბათუმის უმეტეს უბნებზე არ ფუნქციონირებს ვიდეოთვალი. მე-6 უბანზე არჩევნების მსვლელობის დროს გაითიშა ვიდეოთვალი. ბათუმის 75-ე უბანზე არის ძალიან მცირე ზომის ოთახი, რის გამოც დამკვირვებლებს არ აქვთ შესაძლებლობა ნორმალურ პირობებში შეძლონ დაკვირვება. ადიგენის სოფელ უდეში, მე-12 უბანზე მარკირების გარეშე გაატარეს ამომრჩევლები. წალკაში, 27-ე უბანზე სოფლის გამგებელი ანტარან მელტონიანი არასამთავრობო ორგანიზაცია "მწვანე დედამიწის" რეგისტრაციით არის დამკვირვებელი და დაყვება გადასატან ყუთს.  კასპში, მე-8 უბანზე ბიულეტენები კომისიის თავმჯდომარეს უწყვია და რეგისტრატორებს არ ურიგებს. ბოლნისის 27-ე უბანზე სოფელ დარბაზში გადასატანი ყუთი საარჩევნო უბანზე მიიტანეს, რომელიც დაულუქავია", - აცხადებენ ბურჯანაძის პარტიაში.

საქართველოს მოსახლეობა დღეს რიგით მეოთხე პრეზიდენტს ირჩევს. არჩევნებში 23 კანდიდატი იყრის კენჭს. საპრეზიდენტო არჩევნებისთვის 3 741 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს პრეზიდენტის 2013 წლის 27 ოქტომბრის არჩევნებს 65 საერთაშორისო და 60 ადგილობრივი ორგანიზაცია აკვირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობა 10:00 საათისთვის 6.8 %-ია. ცესკო-ს სპიკერის ეკა აზარაშვილის თქმით, არჩევნებში მონაწილეობა ამ დროისთვის, 240 732-მა ამომრჩეველმა მიიღო. აზარაშვილი აღნიშნავს, რომ ოლქების მიხედვით ყველაზე მეტი - 63 360 ამომრჩეველი თბილისში მივიდა. ცესკოს სპიკერის განცხადებით, არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და არსებითი დარღვევები არ დაფიქსირებულა.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის კახა კოჟორიძის ინფორმაციით კი, არასამთავრობო ორგანიზაციების დამკვირვებლებს ამ ეტაპზე 10 საჩივარი აქვთ დაწერილი. მისივე განმარტებით, საიას დამკვირვებლებმა ჩანაწერის წიგნში დამატებით კიდევ 13 შენიშვნა დააფიქსირეს. ხოლო საერთაშორისო-გამჭვირვალობა საქართველოს განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ძირითადად მშვიდ გარემოში მიმდინარეობს, თუმცა, საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უფრო მეტი პროცედურული დარღვევა ფიქსირდება. ორგანიზაციამ ამ დროისთვის 20-მდე მცირე და 22 შედარებით სერიოზული დარღვევა დააფიქსირა. TI-ს დამკვირვებლებმა 22 საჩივარი დაწერეს.

 

კომენტარები