ლაფანყურის სპეცოპერაციას ომბუდსმენის ინიციატივით შექმნილი კომისია შეისწავლის

news.ge

ლაფანყურის სპეცოპერაციას სპეციალური კომისია შეისწავლის.  სახალხო დამცველის  ინიციატივით შექმნილი კომისია მუშაობის დასრულების შემდეგ სარეკომენდაციო ხასიათის დასკვნას დადებს. უჩა ნანუაშვილის განმარტებით, კომისიის მიზანია ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებული ახალი დეტალების გამოვლენა და საზოგადოებაში არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამოძიება კვლავ გაჭიანურებულია და საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, თუ რა შეისწავლა გამოძიებამ ამ ერთი წლის განმავლობაში. 

"ამიტომაც, კომისიის მიზანია გამოავლინოს ახალი დეტალები ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით. კომისია  მუშაობას მიმდინარე კვირიდან დაიწყებს და მისი წევრები სამოქალაქო საზოგადოებისა და არასამთავროებო ორგანიზაციების წარმომადგენლები იქნებიან. ასევე, იქნებიან პანკისის თემის წარმომადგენლები, რომლებიც დამთანხმდნენ ამ საბჭოში მუშაობაზე. კომისიაში სულ 10 წევრი იქნება,"- აცხადებს ნანუაშვილი.

ლაფანყურის სპეცოპერაცია 2012 წლის 28-29 აგვისტოს ჩატარდა.  შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაციის შედეგად, 11 ადამიანი დაიღუპა. მაშინდელი ოფიციალური ინფორმაციით, სპეცოპერაციის მიზანი იმ ჩრდილოკავკასიელი ბოევიკების ლიკვიდაცია იყო, რომლებმაც ლოპოტის ხეობაში მცხოვრები 5 ადამიანი გაიტაცეს. ოფიციალურ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებს საზოგადოების ნაწილი, მთავრობის ცვლილების შემდეგ, საკითხის გამოძიება თავიდან დაიწყო. 

კომენტარები