ყაჩაღობა

შსს-მ მანქანის გატაცების ფაქტი გახსნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლაშა კ. და 1990 წელს დაბადებული, წარსულში სამჯერ ნასამართლევი გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ცივი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 17 ოქტომბერს, მცხეთის რაიონში, ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე, 1967 წელს დაბადებულ მიხეილ კოკორიანს ავტომანქანა მერსედესი, ფული, მობილური ტელეფონი და სხვა პირადი ნივთები გასტაცეს. გატაცებული ავტომანქანით მათ თბილისში, ხიზანიშვილის ქუჩაზე ავტოავარია მოუვიდათ, ავტომანქანა მიატოვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

შსს-ს ცნობით, დაზიანებული ავტომანქანა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს და მის მფლობელსაც მიაკვლიეს. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიების შედეგად ბრალდებულები მომხდარიდან რამდენიმე საათში მცხეთაში დააკავეს.

გამოძიებამ ასევე დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონის სოფელ ძიმითში ტაქსის მძღოლს ყაჩაღურად თავს დაესხნენ, ცივი იარაღის მუქარით წაართვეს ფული, ოქროს ბეჭედი, მობილური ტელეფონი და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულებს აღიარებენ.

სამართალდამცველებმა ორივე ყაჩაღობის შედეგად გატაცებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სხვისი მოძრავი ნივთის მარლთსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობით ან ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით ჯგუფურად თავდასხმის ფაქტზე და იგივე ქმედება, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით).

კომენტარები