2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნები

დავით უსუფაშვილი: ივანიშვილის და მარგველაშვილის განცხადებები მეტაფორებია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის შეფასებით, გიორგი მარგველაშვილის განცხადება, რომ მეორე ტურის შემთხვევაში არჩევნებში მონაწილეობას აღარ მიიღებს, მეტაფორაა. მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ მარგველაშვილს პირველივე ტურში გამარჯვების სწამს. 

"მეორე მხრივ, ეს მიანიშნებს იმ დამოკიდებულებაზეც, რომ მას დაბადებიდან კი არ უოცნებია პრეზიდენტობაზე, არამედ მზად არის, ეს ფუნქცია შეასრულოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ხალხის ნდობას მოიპოვებს. ვფიქრობ, ეს სწორია", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებით, ასევე მეტაფორა იყო ბიძინა ივანიშვილის რჩევაც, რომ მეორე ტურის შემთხვევაში უმჯობესია, მარგველაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს.

"ესეც იყო მეტაფორა და არა ის, რომ აუცილებლად ასე მოხდება. თუ დავუკვირდებით, ყველა კანდიდატი თავის დამოკიდებულებას აცხადებს არჩევნების თაობაზე. მაგალითად, გუშინ ორი კანდიდატისგან მოვისმინე, რომ 50% გარანტირებული აქვს, მათ შორის არა მათგან, ვისზეც ზოგადად საუბრობენ, რომ საპრიზო ადგილებზე გადიან. ბრძოლაა, კონკურენციაა და კანდიდატები თავიანთ დამოკიდებულებას და მოლოდინს გამოხატავენ სხვადასხვა ფორმით და არავითარ შემთხვევაში ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ეს სიტყვა პირდაპირი მნიშვნელობით უნდა გავიგოთ", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, გუშინ პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა მედიასთან შეხვედრისას თქვა, რომ არჩევნებში მეორე ტურის დანიშვნის შემთხვევაში, ის კოალიციის კანდიდატს ურჩევს, რომ მასში მონაწილეობა არ მიიღოს. მოგვიანებით, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ "მეორე ტური საპრეზიდენტო არჩევნებში იქნება საოცრება და ამ საოცრებაში მონაწილეობას არ მიიღებს".

კომენტარები