ზურაბ ჟვანიას საქმე

სააკაშვილი: ზურაბ ჟვანიას საქმეზე FBI-ს დასკვნა არ გაგვისაჯაროებია

www.chveniambebi.info

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალება უბედური შემთხვევა იყო. 

"მე არ ვიცი ვინ რას ლაპარაკობს, ზურაბ ჟვანია იყო ჩემი ახლო მეგობარი და ყველამ ძალიან კარგად იცის, იქ რა მოხდა. იყო უბედური შემთხვევა. გამოძიების ფედერალური ბიუროს დეტალური დასკვნა არსებობს, ოჯახი ამ დასკვნას იცნობს", - ასე გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილი მთავარი პროკურორის არჩილ კბილაშვილის იმ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.

"ჩვენ ეს დასკვნა არ გამოვაქვეყნეთ გასაგები მიზეზების გამო, იმიტომ რომ საქმე ეხებოდა ადამიანის ძალიან ბევრ ღრმა და ისეთ დეტალს... ჩემთვის ზურაბის სახელი იყო წმინდათაწმინდა და თუ ვინმესთვის ეს არ არის ხელშეუხებელი, მათ შორის, მისი რომელიმე ოჯახის წევრისთვის, მათ სინდისზე იყოს. მე ძალიან მიყვარდა ზურაბ ჟვანია და მისი რეპუტაცია, მისი სახელი და მისი ხსოვნა ჩემთვის არის წმინდათაწმინდა. დანარჩენი ეს ისეთი რაღაცებია, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. საქართველო პატარა ქვეყანაა, ყველამ ყველაფერი იცის და ზღაპრები მოუყვნენ ერთმანეთს და ასავალ-დასავალის ჟურნალისტებს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ცნობისთვის, სააგენტო ინტერპრესნიუსთან საუბარში მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თქვა, რომ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმესთან მიმართებით, გამოძიება ახალ ვერსიაზეც მუშაობს.

"შემიძლია იმის თქმა, რომ საქმეში ნამდვილად არის ახალი მტკიცებულებები, ახალი გარემოებები და შესაბამისად - ახალი ვერსია. გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ხდება მათი შემოწმება, დადგენა", - განაცხადა არჩილ კბილაშვილმა.

რაც შეეხება შეკითხვას, რამდენად რადიკალურად განსხვავდება ახალი ვერსია ჟვანიას გარდაცვალების ოფიციალური ვერსიისგან, მთავარმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა არცერთ ვერსიას არ გამორიცხავს.

"ჩვენ არცერთი ვერსია არ გამოგვირიცხავს. ის მტკიცებულებები და გარემოებები, რაც არის, რასაკვირველია, მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამის მიუხედავად, იმის თქმა, რომ საქმე გახსნილია, ჯერ ნაადრევია. საქმის გახსნა ნიშნავს იმას, რომ დავადგინოთ, რა მოხდა და აქედან გამომდინარე, დავადგინოთ ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ ვითარებაში მონაწილეობდნენ. ამ კონდიციამდე ჯერ არ მივსულვართ. რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება ჯერ კიდევ ჩასატარებელია. იქიდან გამომდინარე, რომ მათი შედეგების დროის პროგნოზირება რთულია, არაპროგნოზირებადია ვადაც, როდის შეიძლება საზოგადოებას საქმესთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია მივაწოდოთ", - დასძინა არჩილ კბილაშვილმა.

ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმეზე დღეს პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის ცხედრებს შესაძლოა, ექსჰუმაცია ჩაუტარდეთ. 

"საბოლოო ჯამში, ყველაფერი გამოძიებამ უნდა გაარკვიოს. მიმდინარეობს ეს პროცესი, გვამების ექსჰუმაციაზეა საუბარი და ოჯახები გამოცოცხლდნენ. მეც მქონდა საუბარი გოგლა ჟვანიასთან, პროკურატურისგანაც ვიცი, რომ განახლდა ეს საქმე. დანარჩენს დაველოდოთ", -განაცხადა ივანიშვილმა.

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის თქმით კი, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის გამოძიება იყო და რჩება დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტად. გამოძიების პროცესში გვამების შესაძლო ექსჰუმაციასთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან თეა წულუკიანმაც ისაუბრა.

"ქვეყანამ უნდა იცოდეს, პრემიერი, რომლის მიმართაც ბევრი იმედი არსებობდა, რა მიზეზით გარდაიცვალა. სანამ მე ჯერ კიდევ საპროკურორო უფლებამოსილებით ვიყავი აღჭურვილი, არსებული ინფორმაციები ადასტურებდა, რომ სცენარი, რაც საზოგადოებას მიაწოდეს, შესაძლოა, საფუძვლიანი არ ყოფილიყო. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო სწრაფი ტემპით მიდიოდა და როგორც მთავარი პროკურორი აცხადებს, მალე ხელშესახები შედეგები გახდება ცნობილი. მანამდე უნდა მოხდეს გვამების ექსჰუმაცია, რა თქმა უნდა, ოჯახებთან შეთანხმებით", - უთხრა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას სიკვდილის მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია სახელდება. მისი გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროც ჩაერთო. როგორც გენერალური პროკურორის მაშინდელმა მოადგილემ გიორგი ჯანაშიამ და აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ბრაიან პარმანმა 2005 წლის 1-ლ აპრილს ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ზურაბ ჟვანიას და რაულ უსუპოვის გარდაცვალების მიზეზებზე აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნა დაემთხვა ქართველი სამართალდამცავების მიერ გაკეთებულ შეფასებებს. 

გიორგი ჯანაშიას განცხადებით, ბინაში, სადაც 2005 წლის 3 თებერვალს ზურაბ ჟვანია და რაულ უსუპოვი გარდაცვლილები იპოვეს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს დასკვნით, არასწორად იყო დამონტაჟებული გაზის გამათბობელი და გაუმართავი იყო სავენტილაციო სისტემა.

 

კომენტარები