ვილნიუსის სამიტი

ფანჯიკიძე: მჯერა, რომ ვილნიუსის სამიტზე საქართველოს მარგველაშვილი წარადგენს

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დარწმუნებულია, რომ კოალიციის პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი არჩევნების პირველივე ტურში გაიმარჯვებს და შესაბამისად, ვილნიუსის "აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე" საქართველოს დელეგაციასაც ის უხელმძღვანელებს. მაია ფანჯიკიძის თქმით, ოფიციალური მოწვევის თანახმად, სამიტზე საქართველოდან 8-კაციანი დელეგაცია უნდა გაემგზავროს, რომელსაც ქვეყნის პრეზიდენტი უხელმძღვანელებს.

"8 ადამიანი არის ოფიციალურად მიწვეული, თუმცა დასწრება სახელმწიფო უწყებების თანამშრომლებს და პრესის წარმომადგენლებსაც შეუძლიათ. დელეგაციის შემადგენლობა სამუშაო დონეზე გადაწყვეტილი გვაქვს, მაგრამ ვინ იქნება მთავარი პირი საქართველოს მხრიდან, ეს ჯერჯერობით ცნობილი არ არის. მოწვევა არის სახელწიფოს სახელზე და არა კონკრეტულად რომელიმე პირის სახელზე. მაგრამ მე დარწმუნებული ვარ, რომ არჩევნების მეორე ტური არ იქნება და ქართული ოცნების კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი პირველ ტურში გაიმარჯვებს", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

წავა თუ არა მიხეილ სააკაშვილი ვილნიუსის სამიტზე, ამაზე პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ჯერ არ საუბრობენ. პრეზიდენტის მრჩევლის ნინო კალანდაძის თქმით, მომავალი პრეზიდენტი წარადგენს თავის ქვეყანას პარაფირების პროცესისთვის. 

"თუ საუბარი იქნება არჩევნების იმგვარ შედეგზე, რომელიც მეორე ტურს მოითხოვს, მაშინ ბუნებრივია, ახალი პრეზიდენტის უფლებამოსილების ცნობამდე, ძველი პრეზიდენტი უფლებამოსილი რჩება. მაშინ, შესაბამისად, მას მოუწევს ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება", - განაცხადა კალანდაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველომ ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად ოფიციალური მიწვევა მიიღო. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს ვილნიუსის სამიტზე დასასწრებად მოსაწვევები 15 ოქტომბერს, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროში გადაეცათ. მათივე განმარტებით, საქართველოს სახელით შესაბამისი მიწვევა ლიტვაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ხათუნა სალუქვაძეს გადასცეს.

კომენტარები