შსს

შსს-მ ქუთაისში მომხდარი მკვლელობა გახსნა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, 1968 წელს დაბადებული კობა თ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 13 ოქტომბერს, ქუთაისში, ეჭვიანობის ნიადაგზე მომხდარი ურთიერთშელაპარაკებისას, მეუღლე - 1975 წელს დაბადებული მედეა ა. დანით სასიკვდილოდ დაჭრა, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა. გარდაცვლილს ზურგის არეში ორი შემავალი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად ქუთაისში დააკავეს.

როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, დანაშაულის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს..

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის 108-ე მუხლით).

კომენტარები