საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ვაკანტურ თანამდებობებზე საჯარო კონკურსი ცხადდება. სამინისტროს ცნობით, ამჯერად, ვაკანტური ადგილები ადამიანური რესურსების მართვისა და პროფესიული განვითარების დეპარტამენტში 8 პოზიციაზეა. განაცხადები მიიღება 2013 წლის 9 ოქტომბრიდან 19 ოქტომბრის ჩათვლით.
კონკურსი 2 ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი ტესტირებაა, რომლის ჩატარებასაც სსიპ. „გამოცდების ეროვნული ცენტრი“ უზრუნველყოფს და შედეგებს ვებგვერდზე (www.naec.ge) გამოაქვეყნებს. კონკურსის შემდეგ ეტაპზე - გასაუბრებაზე თითოეულ პოზიციაზე 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატები გადავლენ, რომლებიც ტესტის 60%-ს გადალახავენ.
როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამჭვირვალობის მიზნით, საჯარო კონკურსის გასაუბრებას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრებთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელიც ესწრება; ხდება ვიდეოგადაღებაც.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო ოფისის საკონკურსო-საატესტაციო კომისია უფლებამოსილია, საუკეთესო 10 კანდიდატს შორის გამარჯვებულის ვერგამოვლენის შემთხვევაში, მეორე ეტაპზე, ტესტირების შედეგების გათვალისწინებით, მომდევნო 10 საუკეთესო ქულის მქონე კანდიდატი დაუშვას, რომელიც ტესტის 50%-ს გადალახავს.
კონკურსის პირობების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მიიღონ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
თავდაცვის სამინისტრო
თავდაცვის სამინისტროში საჯარო კონკურსი ცხადდება

Facebook.com




