ფარული ჩანაწერები

GDI: სასამართლოს გადაწყვეტილების არქონის შემთხვევაში, ახალაიას უფლება ირღვევა

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა ბაჩანა ახალაიას მიმართ განხორციელებულ აუდიო და ვიდეო მეთვალყურეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ ფარული მიყურადება მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისას ან სასამართლო კონტროლითაა შესაძლებელი. ორგანიზაციის თქმით, თუ სამინისტროს არ ჰქონდა სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ პატიმრის პირადი ცხოვრების პატივისცემის უფლება ირღვევა.

"საქართველოს კანონმდებლობა სასჯელაღსრულების დაწესებულებას ანიჭებს უფლებამოსილებას, განხორციელდეს პატიმრის ვიზუალური და ელექტრონული მეთვალყურეობა. თუმცა აღსანიშნავია, რომ ელექტრონული მეთვალყურეობის განხორციელება აბსოლუტურად განსხვავდება ფარული მიყურადებისაგან (რაც მოიცავს ფარულ ვიდეო ან/და აუდიო ჩაწერას). ფარული მიყურადების განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებისას და მხოლოდ სასამართლო კონტროლით. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ის გარემოება, რომ შესაძლოა მსგავს მიყურადებას დაქვემდებარებოდნენ პრევენციის ეროვნული მექანიზმის ის წევრები, რომლებიც სასჯელაღსრულების დაწესებულებების მონიტორინგს ახორციელებენ, რის შესახებაც ეჭვს ამყარებს სამინისტროს წარმომადგენელთა განცხადება, რომ ვიდეო და აუდიო ფიქსაცია უწყვეტ რეჟიმში წარმოებდა. საქართველოს ორგანული კანონი "საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ", ასევე "წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმი" კრძალავს პრევენციის ეროვნული მექანიზმის წევრთა საქმიანობის განხორციელების დროს თავისუფლებააღკვეთილ პირთან საუბრის კონფიდენციალობის დარღვევას", - წერია განცხადებაში.

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა საქართველოს პროკურატურას გამოძიების დაწყებისა და სამართალდამრღვევი პირების პასუხისგებაში მიცემისკენ მოუწოდებს.

"ამავდროულად, მოვუწოდებთ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა მიმართ ფარული აუდიო მიყურადების აღკვეთა, თუ აღნიშნული მოქმედება არ წარმოადგენს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებას და არ ხორციელდება სასამართლო აქტის შესაბამისად", - წერია განცხადებაში.

 

კომენტარები