თურქეთი

ერდოღანმა ახალი რეფორმების პაკეტი წარმოადგინა

Turkey's Prime Minister Tayyip Erdogan talks during the Southeast European Cooperation Process Summit in Istanbul
Osman Orsal / REUTERS

თურქეთი სახელმწიფო დაწესებულებაში ქალებისთვის თავსაბურავის ტარების აკრძალვას გააუქმებს. ეს ადამიანის უფლებების სფეროში მთავრობის მიერ შემუშავებული ე. წ. დემოკრატიზაციის პაკეტის ნაწილი იქნება. ამის შესახებ 30 სექტემბერს თურქეთის პრემიერმინისტრმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვაპირებთ, შევიტანოთ ცვლილებები რეგულაციებში სახელმწიფო დაწესებულებების თანამშრომელთა ოფისებში გამოცხადების თაობაზე და გავაუქმოთ აკრძალვა ქალებისთვის თავსაფრების ტარებაზე. რეგულაციები, რომლებიც მოიცავს ამგვარ შეზღუდვებს, დისკრიმინაციულია და რელიგიისა და სინდისის თავისუფლებას ეწინააღმდეგება", - განაცხადა ერდოღანმა.

პრემიერის განცხადებით, ახალი წესები სასამართლოს თანამშრომლებსა და სამხედროებზე არ გავრცელდება.

ისლამურ ჩაცმულობაზე აკრძალვების გაუქმება ერდოღანის პროისლამისტური პარტიის პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულებაა. ის კრიტიკას იწვევს სახელმწიფოს სეკულარული მოდელის მომხრეების მხრიდან, რომლებიც ერდოღანს ათათურქის მემკვიდრეობის ნგრევაში ადანაშაულებენ. 

ერდოღანმა ასევე აღნიშნა, რომ რეფორმის ფარგლებში შესაძლოა, შემცირდეს 10-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რაც საშუალებას მისცემს ქურთულ პარტიებს, არჩევით ორგანოებში მოხვდნენ. ამან ხელი უნდა შეუწყოს ქურთებთან მრავალწლიანი კონფლიქტის მოგვარებას.

ერდოღანის რეფორმის ფარგებში ასევე დაშვებული იქნება არასახელმწიფო სკოლებში თურქულის გარდა სხვა ენებზე განათლების მიღება.

კომენტარები