მეორე ტური არ იქნება. ამის შესახებ ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის გიორგი მარგველაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსმა დავით საგანელიძემ მაესტროს ეთერში NDI-ის კვლევის შედეგებზე კომენტირებისას განაცხადა. საგანელიძე დაეთანხმა დემოკრატიული მოძრაობა - საქართველოს საპრეზიდენტო კანდიდატის ნინო ბურჯანაძის განცხადებას, რომ კვლევა სამარცხვინოა. მისი თქმით, NDI-ის წინა კვლევები ყოველთვის მცდარ პროგნოზს აკეთებდნენ და ხან სააკაშვილის, ხან უგულავას, ხანაც ნაციონალური მოძრაობის, როგორც ძლიერი პოლიტიკური ძალის მიმართ მიკერძოებულები იყვნენ. ამის მაგალითად საგანელიძეს 2010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის და 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები მოჰყავს და აცხადებს, რომ პროგნოზსა და რეალურ შედეგს შორის ასეთი დიდი ცდომილებების შემდეგ, ორგანიზაცია უნდა მიხვდეს, რომ პრობლემა აქვს.
"მე, სხვათა შორის, NDI-ის როგორც ორგანიზაციას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ვურჩევ, სწორად აირჩიოს ორგანიზაცია, რომელსაც კვლევის ჩატარებას უკვეთავს და გააანალიზონ თავიანთი კვლევის შეცდომები", - განაცხადა საგანელიძემ.





