პრეზიდენტობის კანდიდატის ნინო ბურჯანაძის შეფასებით, NDI-ის გამოქვეყნებული კვლევა სამარცხვინოა. მისი განცხადებით, ეს არის კვლევითი ორგანიზაციის გამიზნული პოლიტიკა, რომ საზოგადოება წინასწარ შეაგუოს არჩევნების გაყალბებას.
"პირდაპირ შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სამარცხვინო კვლევები. NDI-მ შარშანდელ არჩევნებამდე დადო კვლევა 40%-იანი ცდომილებით, როდესაც გვიმტკიცებდა, რომ პირველ ადგილზეა ნაციონალური მოძრაობა 70%-ით, მეორეზე თარგამაძე 30%-ით და ბიძინა ივანიშვილი ლამის საერთოდ არ იყო ამ კვლევებში. NDI-ის საქართველოს ბიუროს უნდა ჰყოფნოდა იმდენი გონიერება, რომ იმ სამარცხვინო კვლევების შემდეგ, იგივე შეცდომა აღარ დაეშვა. მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ არჩევნებს ვერ გააყალბებენ. მაშინ ტოტალურად უნდა გაყალბდეს არჩევნები, რომ მარგველაშვილი გავიდეს პირველ ადგილზე, ხოლო ბაქრაძე - მეორეზე. ტოტალურ გაყალბებას საქართველოს მოსახლეობა არ დაუშვებს. ვაფრთხილებ NDI-ის და იმ დასავლურ ინსტიტუტებს, რომლებიც ცდილობენ, გააცოცხლონ მათი მონა ნაციონალური მოძრაობა და ისევ მოასვან ქართველ ხალხს თავზე, რომ ძალიან ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი", - აცხადებს ბურჯანაძე. მისივე თქმით, ამას ქართველი ხალხი არ მოითმენს და დასავლეთის მიმართ განწყობები ქვეყანაში რადიკალურად ნეგატივისკენ შეიცვლება.
ცნობისთვის, NDI-ის ბოლო კვლევაში გამოკითხულთა 39% საქართველოს პრეზიდენტად გიორგი მარგველაშვილს ისურვებდა, 18%-ის არჩევანი კი დავით ბაქრაძეს. კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს მომავალ პრეზიდენტად, 7%-მა ნინო ბურჯანაძე დაასახელა. 16%-მა ჯერ არ იცის - ვის მისცემს ხმას, 6%-მა კი, პასუხზე უარი განაცხადა.





