ფარესიშვილის საქმე

გელა ხვედელიძე ფარესიშვილის საქმეზე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის გასაჯაროების ბრალდებას უარყოფს. ამასთან, დღევანდელ წინასასამართლო პროცესზე ადვოკატმა ემზარ პაქსაძემ დააყენა შუამდგომლობა, რომ "ბრალდების მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რომელიც არ ასახავს ხვედელიძის ბრალეულობას", საქმე არსებით განხილვაზე აღარ გადაიცეს და ხვედელიძის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს. შუამდგომლობას არ დაეთანხმა საქმის პროკურორი. მისი თქმით, ბრალდების მხარეს აქვს მტკიცებულები, რომლის საფუძველზეც ხვედელიძის ბრალეულობა დასტურდება. მოსამართლე დავით ჯუღელმა არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და ხვედელიძის საქმის არსებითი განხილვის თარიღად 10 ოქტომბერი დაასახელა.

გელა ხვედელიძეს ბრალი წაყენებული აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-3 ნაწილით, რაც პირადი ცხოვრების გასაჯაროებას გულისხმობს. საქმე ეხება ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის ინტერნეტსივრცეში განთავსებას. ხვედელიძე თავდაპირველად დააკავეს, ხოლო შემდგეგ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. 

კომენტარები