ფარესიშვილის საქმე

ფარესიშვილის თქმით, შანტაჟში ნუგზარ ფოფხაძე და გიორგი მამაცაშვილი ფიგურირებენ

facebook.com/giorgi.paresishvili

ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი ფარულ აუდიოჩანაწერს ავრცელებს. მისი თქმით, საუბარი ჩაწერილი ნუგზარ ფოფხაძის სახლშია, სადაც თავად ფოფხაძე, გიორგი მამაცაშვილი, გელა ხვედელიძე და ლაშა ამირეჯიბი იმყოფებოდნენ.

გიორგი ფარესიშვილის თქმით, აუდიოჩანაწერში გელა ხვედელიძე აანონსებს, რომ სოფლის მეურნეობის მაღალჩინოსნების დაკავებას აპირებს. მიზეზად კი ვაუჩერების არასწორად დარიგებას დაასახელებს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ფარესიშვილის შესახებაც.

"იმ შეხვედრაზე ჩემზეც იყო საუბარი. გიორგი მამაცაშვილი საუბრობს, რომ მას "ასავალ-დასავალიდან" წამოღებული აქვს კადრები, რომელიც შემოუგდეს "ნაციონალებმა", რათა მამაცაშვილმა შემდეგ მე დამსაჯოს. ნუგზარ ფოფხაძე კი ამბობს, რომ ეს კადრები გიორგის ხელში აქვსო. ნუგზარ ფოფხაძე ლაშა ამირეჯიბს ეუბნება: "მომისმინე, მე გითხარი, ეს არ უნდა გამოქვეყნებულიყო. მე გითხარი მაშინაც და ახლაც გეუბნები", გულისხმობს ჩემს ინტერვიუს გელა ხვედელიძეზე, გია ხუხაშვილზე, ლაშა ნაცვლიშვილზე", - აღნიშნავს ფარესიშვილი.

ფარესიშვილმა ასევე თქვა, რომ გამოქვეყნებამდე აუდიოჩანაწერი პროკურატურაში მიიტანა, რის შემდეგაც ის დაზარალებულად ცნეს. მისი თქმით, ჩანაწერის ავტორს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ დაასახელებს. ჟურნალისტი სოფლის მეურნეობისა და მის საქმეზე რეალური დამნაშავეების გამოვლენასა და დასჯას მოითხოვს.

გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალა ინტერნეტში 3 მაისს გავრცელდა. თავად ფარესიშვილმა ჩანაწერები ფალსიფიცირებულად მიიჩნია. მისი მტკიცებით, სამთავრობო გუნდის მაღალი რანგის მოხელეებმა სამაგიერო გადაუხადეს, რადგან კლანური ინტერესებით მოქმედებაში ამხელდა.

ფარესიშვილის საქმეზე შს მინისტრის პირველი მოადგილე, გელა ხვედელიძე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს დააკავა. მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, ხვედელიძემ დამოუკიდებლად განათავსა. ღარიბაშვილის თქმით, კადრები წინა ხელისუფლებამ, კერძოდ, კუდ-მა გადაიღო, ისინი დალუქული იყო და ხვედელიძეს მათ უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა.

ხვედელიძეს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღონისძიების სახით მას 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

ნუგზარ ფოფხაძე 1979 წლიდან საქართველოს ტელე-რადიო კომიტეტის თავმჯდომარე იყო. შემდეგ ცეკას მდივანი იდეოლოგიის დარგში. ის აქტიურად იყო ჩართული 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებშიც. დემონსტრაციის დაწყებამდე, რამდენიმე დღით ადრე ცეკას შენობაში გამართულ პარტიული აქტივის კრებაზე, ფოფხაძე სიტყვით გამოვიდა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარება მოითხოვა.”საბჭოთა ხელისუფლების მტერთან მხოლოდ სიტყვით ბრძოლა დაუშვებელია” - სწორედ მას ეკუთვნის ეს სიტყვები.

ნუგზარ ფოფხაძე ედვარდ საგალაევთან და ოლეგ ორლოვთან ერთად რუსეთში მოსკოვის დამოუკიდებელ სამაუწყებლო კორპორაციასაც ხელმძღვანელობდა. გარდა ამისა, რუსეთში ყოფნისას მას ბრალს სდებდნენ ქართულ კრიმინალურ ჯგუფებთან კავშირში.

ნუგზარ ფოფხაძე ასევე ედუარდ შევარდნაძის ფონდ დემოკრატია და აღორძინების პრეზიდენტი იყო. 1999-2001 წლებში კი თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტს ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება გიორგი მამაცაშვილს, ის გაზეთ ასავალ-დასავალის ჟურნალისტია.

კომენტარები