ფარესიშვილის საქმე

ამირეჯიბი: ფარესიშვილის და კირვალიძის საქმის შესახებ ჩანაწერს გამოვაქვეყნებ

www.primerinfo.com

სახალხო კრების წევრი ლაშა ამირეჯიბი ამბობს, რომ ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილს პრესაში გავრცელებული ცილისწამებისათვის სასამართლოში უჩივლებს. მის წინააღმდეგ აგორებული კამპანიის უკან ყოფნაში, იგი იდეოლოგიის დარგში ცეკას ყოფილ მდივან ნუგზარ ფოფხაძეს ადანაშაულებს. ამირეჯიბი აპირებს, რამდენიმე დღეში ჟურნალისტებს მიაწოდოს აუდიოჩანაწერი, რომელშიც ნუგზარ ფოფხაძე ფიგურირებს.კერძოდ, ამირეჯიბი ამბობს, რომ სწორედ ფოფხაძის სახლში შეხვდნენ თავად, გელა ხვედელიძე და გიორგი მამაცაშვილი. ამ შეხვედრაზე კი საუბარი იყო გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გამოქვეყნებაზე. ასევე დაანონსდა, რომ სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით კირვალიძე და მისი მეგობრები უნდა დაეპატიმრებინათ.

ამირეჯიბის ამბობს, რომ ჩანაწერში ისმის, თუ როგორ ეუბნება მამაცაშვილი მას, რომ ასავალ-დასავალში მუშაობის პერიოდში ნაციონალებმა ”შეუგდეს” დისკი, რომელზეც ფარესიშვილი იყო. ამირეჯიბის თქმით, მის მიერ მოპოვებულ ფირში ასევე ისმის, რომ მას სთხოვენ გააჩეროს ფარესიშვილი, რათა აღარ დაწეროს გელა ხვედელიძის წინააღდეგ სტატიები. ამირეჯიბის თქმით, ნუგზარ ფოფხაძემ ფარესიშვილის კადრებზე თქვა, რომ ეს კადრები ”მათ” აქვთ, რაც ამტკიცებს ფოფხაძის და მამაცაშვილის ერთობლივ მონაწილეობას საქმეში.

სახალხო კრების წევრი იმასაც ამბობს, რომ ფოფხაძე აგვისტოს ბოლოს აპირებს მედია ჰოლდინგის გახსნას.

ფარესიშვილის საქმეზე შს მინისტრის პირველი მოადგილე გელა ხვედელიძე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 მაისს დააკავა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მაშინ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, დამოუკიდებლად განათავსა ხვედელიძემ. ღარიბაშვილის განცხადებით, კადრები წინა ხელისუფლებამ, კერძოდ კუდ-მა გადაიღო, ისინი დალუქული იყო და ხვედელიძეს მათი უსაფრთხოება ჰქონდა მინდობილი.

ხვედელიძეს ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული – პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფა ედება. თბილისის საქალაქო სასამართლომ აღმკვეთის ღონისძიების სახით მას 5 000 ლარის ოდენობით გირაო შეუფარდა.

კომენტარები