ფარესიშვილის საქმე

ელისო კილაძე ფარულ აუდიოჩანაწერებს ასაჯაროებს

გაზეთ ქრონიკა პლუსის რედაქტორმა, ელისო კილაძემ და სახალხო კრების წევრმა, ლაშა ამირეჯიბმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც გიორგი ფარესიშვილის საქმის შესახებ ისაუბრეს.

კილაძის თქმით, შს მინისტრმა სამართლიანი და უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო, მისი უკვე ყოფილი პირველი მოადგილის დაკავებით, თუმცა საქმეში სხვა პირების ბრალეულობის საკითხიც იკვეთება.

"ვიცით, რომ 29 აპრილს საიტის შესაძენი ფული გადაირიცხა საქართველოდან, გვაინტერესებს ყველა იმ კონკრეტული პირის დასახელება, ვინც მონწილეობდა ორგანიზებულ დანაშუალში. წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ მინისტრის მოადგილე თავად წავიდა, გადარიცხა თანხა და თავად ატვირთა ეს კადრები საიტზე", - განაცხადა ელისო კილაძემ.

ქრონიკა პლუსის რედაქტორმა ფარული აუდიოჩანაწერები გაასაჯაროვა, რომლებშიც, მისი თქმით, საუბარია გელა ხვედელიძის, ლაშა ამირეჯიბისა და ჟურნალისტ გიორგი მამაცაშვილის შეხვედრაზე, მისივე თქმით, საუბარი ასევე შეეხო კვერცხის იმპორტს, რომლითაც გარკვეული ჯგუფები არიან დაინტერესებული.

კილაძე აცხადებს, რომ უნდა დადგეს მთავარი პროკურორის, არჩილ კბილაშვილის პირველი მოდგილის, ლაშა ნაცვლიშვილის პასუხისმგებლობის საკითხიც და კბილაშვილმა ის თანამდებობიდან დროებით მაინც უნდა გადააყენოს.

"ვფიქრობ, რომ მთავრმა პროკურორმა თანამდებობიდან უნდა გადააყენოს მისი პირველი მოადგილე, ლაშა ნაცვლიშვილი. თუ ჩვენ გვინდა გამოძიება ობიექტურად დასრულდეს, ლაშა ნაცვლიშვილის ზედამხედველობით ეს ვერ მოხდება", - აღნიშნა კილაძემ.

შეგახსენებთ, შინაგან საქმეთა მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ყოფილი მოადგილე გელა ხვედელიძე დაკავებულია. შს მინისტრმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები ინტერნეტსივრცეში, ფარესიშვილზე შურისძიების მოტივით, გელა ხვედელიძემ განათავსა.

ხვედელიძე დანაშაულს აღიარებს, მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინება, რაც პირადი ან ოჯახური საიდუმლოს ხელყოფას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ან ჯარიმას ითვალისწინებს.

კომენტარები