სააკაშვილი რუსეთთან ურთიერთობაზე: რაც უფრო წავწვებით, უფრო წაგვაწვებიან

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 25 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს, სადაც ის შიდა ქართლში კონფლიქტის ზონის გასწვრივ საოკუპაციო ზოლის გადმოწევასა და მავთულხლართების მონტაჟით გამოწვეულ პრობლემებზე ისაუბრებს.

მისეილ სააკაშვილი უკვე იმყოფბება აშშ-ს დედაქალაქში. ვაშინგტონში ასევე ჩასულია საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, თუმცა, "რუსთავი 2"-ის ცნობით, ისინი შეხვედრებს ცალ-ცალკე მართავენ.

პრეზიდენტმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებზე რუსეთთან მიმართებაში და მთავრობას მეტი პრინციპულობისკენ მოუწოდა.

"ბოლო თვეების ჩვენ დავკარგეთ კონტროლი უფრო მეტ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, ვიდრე იყო ქურთასა და თამარაშენში, ოღონდ იმ პირობებში, რომ ამის შესახებ ვერავინ ვერ გაიგო და რუსეთმა არანაირი პოლიტიკური ფასი არ გადაიხადა. ხომ ამბობდნენ ხშირად, რომ ყველაფერი იმის ბრალი იყო, რომ პუტინი მე ვერ მიტანდა? ხომ დავრწმუნდით, რომ რუსეთი ახორციელებს გეგმაზომიერ შეტევას საქართველოს სუვერენიტეტზე მიუხედავად იმისა, ვინ არის საქართველოს ხელისუფლებაში. პატარა ქვეყნისთვის თავისი პოზიციების დაცვის ერთადერთი შანსი არის საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო მხარდაჭერა. ბოლო თვეებში დასავლურ გამოცემებთან ყველა ინტევრიუში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობდა , რომ ომი იყო საქართველოს ბრალი, საქართველოს, როგორც ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს არც რეგიონალური ამბიციები და მნიშვნელობა. თუ მნიშვნელობა არა გვაქვს, თუ ყველაფერი ჩვენი ბრალი იყო, ვინ მოვა ჩვენს დასაცავად? ჩვენი ოფიციალური პირების ლექსიკიდან გაქრა სიტყვა ოკუპაცია და ეგრევე ამერიკელებმა და ევროპელებმა შეწყვიტეს ოკუპაციაზე ლაპარაკი. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს არის უპრეცედენტო ფაქტი, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ ყოფილა მიწვეული ოფიციალური ვიზიტით არც აშშ-სა და არც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში. ამასობაში ჩვენი მთავარი პროკურორი ერთი კვირა იმყოფებოდა ოკუპანტი ქვეყნის დედაქალაქში და ბევრი სხვა გაუგებარი რევერანსი გაკეთდა. ეს არის სისუსტის გამოსხივება. ახლა კუდის ქიცინის და წაწოლის დრო არ არის, რაც უფრო წავწვებით, უფრო წაგვაწვებიან. საჭიროა საერთაშორისო ხარდაჭერის მობილიზება, ჩვენი ერთიანობის დემონსტრირება. რუსეთს ცბიერებით და ეშმაკობით ვერავინ ვერ მოუგებს", - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ეთერში მიხეილ სააკაშვილმა.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც რუსეთის საოკუპაციო ჯარმა შიდა ქართლში საოკუპაციო ხაზის გადმოწევა და მავთულხლართების მონტაჟი დაიწყო, რის გამოც მოსახლეობამ ხეხილის ბაღები და ყანები დაკარგა.

კომენტარები