მიხეილ სააკაშვილი თავდაცვის სამინისტროს განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც უწყებამ, ის საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაში დაადანაშაულა. შეგახსენებთ, რომ 18 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა ვიცეპოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში მოინახულა, რომელიც ჰელმანდის პროვინციაში მსახურობისას ნაღმზე აფეთქდა და ორივე ფეხი დაკარგა. მიხეილ სააკაშვილის პრესსამსახურის ცნობით, ტუღუში ახლახან დაბრუნდა საქართველოში ამერიკიდან, სადაც მკურნალობის კურსს გადიოდა. პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ტუღუშს არ გააჩნია საცხოვრებელი ბინა, რის გამოც ავტოფარეხში უწევს ცხოვრება და თავდაცვის მინისტრს, სამხედროს პრობლემის მოგვარება მოსთხოვა. სამინისტროს ინფორმაცია გაავრცელა, რომ ვიცეპოლკოვნიკი ალეკო ტუღუში დასაქმებულია და ამ დროისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში, თავდაცვის ატაშეს თანაშემწის თანამდებობა უკავია. მათი ცნობითვე, ვიცეპოლკოვნიკს დაწერილი აქვს პატაკი ბინით უზრუნველყოფის შესახებ და მისი ბინით დაკმაყოფილების გადაწყვეტილება სამინისტროს შესაბამისმა კომისიამ ერთი კვირის წინ უკვე მიიღო. სწორედ ამ განცხადების შესახებ გააკეთა კომენტარი მიხეილ სააკაშვილმა.
"მოვისმინე თავდაცვის სამინისტროს კომენტარი ამ თემაზე და მინდა ვთქვა, რომ არაკორექტული იყო თავდაცვის მინისტრის მხრიდან, როცა ფორმიანი ადამიანი გამოგყავს და ერთ ფორმიან ადამიანს შეურაცხყოფას აყენებინებ მეორეზე. ფაქტობრივად, მათ დაადანაშაულეს ჩვენი გმირი ვიცეპოლკოვნიკი ტუღუში უპატიოსნობაში. ეს სრულიად მიუღებელია, მათ შორის, სამხედროების ეთიკის ოფიცრული თვალსაზრისით. მე ვიცეპოლკოვნიკ ტუღუშს ვიცნობ, თვალს ვადევნებ მის კარიერას, რამდენჯერმე შევხვდი მას დაჭრამდე და დაჭრის შემდეგ მით უმეტეს რამდეჯერმე მოვინახულე ამერიკაში და ჩემი განკარგულებუთ და დავალებით, დროებით დაასაქმეს ჩვენს საელჩოში, ამერიკაში სამხედრო ატაშეს მოადგილედ. ასევე შარშან, ჩემი განკარგულებით, ყველა მათგანისთვის გადაცემული იქნა ბინა, რომელიც უნდა დამთავრებულიყო მარტში", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ რაც ქვეყანაში მოხდა ხელისუფლების ცვლილება, ბინების მშენებლობა შეჩერდა. სააკაშვილმა თავდაცვის მინისტრს მოუწოდა, დაკავდეს ამ საკითხით და მოხდეს ბინების მშენებლობის განახლება.
"მთავრობა რომ შეიცვალა, რა თქმა უნდა, რადგან ჩემი ინიციატივით იყო ეს ბინები, მათი მშენებლობა შეჩერდა და ეს ხალხი პრაქტიკულად დარჩა უბინაოდ. ჩემი განკარგულება იყო, რომ საქართველოში დაჭრილს-არდაჭრილს, ყველა ოფიცერს უნდა მიღო ბინა. ეს ბინები აეროპორტის გზაზე ავაშენეთ. ეს არ არის პიარი, ბინები არსებობს. ეს ბინები უნდა დაამთავრონ. როცა ტუღუში ჩამოვიდა ამერიკიდან და ის მივიდა თავდაცვის სამინიტროში, ის მოიშორეს და უთხრეს დაწერე პატაკი და წადიო. გუშინ ეს ამბავი რომ ატყდა, თავდაცვის სამინისტრომ თქვა, ეს პატაკი რომ დატოვა, ერთი კვირის წინ დავუკმაყოფილეთო. ეს არის ის თავდაცვის მინისტრი, რომელმაც გააჩერა ბინების მშენებლობა. ამიტომ მე ვფიქრობ, მათ მართებთ მომავალში თავის შეკავება შეურაცხყოფებისაგან, მით უმეტეს გმირი ოფიცრების მისამართით. ტუღუშმა სისხლი დაღვარა და მე ვფიქრობ, რომ ის არის უწესიერესი ადამიანი. ბინების მშენებლობა უნდა განახლდეს სრული ტემპით. და ამ ხალხმა კუთვნილი ყველა ოფიცერმა უნდა მიიღოს. ეს არის ჩემი რჩევაც და მოთხოვნაც მათ მიმართ. ნამდვილად არ ვაპირებ ვინმეს ეს ტყუილები შერჩეს. ყველამ უნდა დაუჯეროს საკუთარ თვალებს. კაცი რომ ჩამოვიდა, მაზოხისტია, რომ გარაჟში ცხოვრობს?!," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.





