უწყებათაშორისი კომისია

წულუკიანი: უწყებათაშორისმა კომისიამ NDI-ის რეკომენდაციები გაითვალისწინა

უწყებათაშორისმა კომისიამ რეგისტრაციიდან მოხსნილ ამომრჩეველთან დაკავშირებით NDI-ის რეკომენდაცია გაითვალისწინა. კომისიის თავმჯდომარის, იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ინფორმაციით, დღეს რეგისტრაციიდან მოხსნილი ამომრჩევლის სახელი, გვარი და დაბადების თარიღი გამოქვეყნდება. იუსტიციის მინისტრი ასეთი პირების ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოუწოდებს, რომ ერთმანეთს გააგებინონ, ვინ აღმოჩნდებიან სიაში, რათა 10 ოქტომბრამდე ამ ადამიანებმა შესაბამის ორგანოში მისვლა და ახალი პირადობის მოწმობის უფასოდ აღება შეძლონ. ამის შემდეგ, თეა წულუკიანის განმარტებით, ისინი საარჩევნო სიაში ავტომატურად დარეგისტრირდებიან.

იუსტიციის მინისტრის თქმით, უწყებათაშორისმა კომისიამ NDI-ის დამკვირვებლების ოთხივე რეკომენდაცია გაიზიარა და საკუთარ რეკომენდაციებად აქცია. NDI-ის კიდევ ერთი რეკომედაციის გათვალისწინებით, უწყებათაშორისი კომისია პროკურატურას და სასამართლოს მიმართავს, მშვიდობიანი შეკრების ჩაშლის და სხვა ინციდენტების შემთხვევაში, ადეკვატური ზომები მიიღოს. კომისია ასევე მიმართავს პრეზიდენტს და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ცესკოს თავმჯდომარის დამტკიცების საქმეში განსაზღვრულ ვადას ბოლომდე ნუ გამოიყენებენ და შესაბამისი გადაწყვეტილება დროულად მიიღონ. წულუკიანის შეფასებით, სასურველი იქნება, თუკი ცესკოს ახალი თავმჯდომარე მიმდინარე კვირაში ეყოლება. 

"თავმჯდომარის არყოლა ხელს უშლის საარჩევნო პროცესის მშვიდობიანად და დემოკრატიულად წარმართვას", - დასძინა თეა წულუკიანმა.

NDI-ის წინასაარჩევნო დელეგაციამ ოქტომბრის  საპრეზიდენტო არჩევნებისა და 2014 წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის  რეკომენდაციები 6 სექტემბერს წარადგინა.

კომენტარები