მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთთან ქულა მოიპოვა

საქართველო - საფრანგეთი
lequipe.fr

საქართველოს ნაკრებმა ყაზახეთთან ბოლოს ამხანაგურ შეხვედრაში სამარცხვინო წაგების შემდეგ, დღეს, მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან ღირსეული თამაში აჩვენა და საფრანგეთის ნაკრებთან ქულა მოიპოვა. 0:0 - ასეთი შედეგით დასრულდა დღევანდელი შეხვედრა, რომელშიც სტუმრებსაც შეეძლოთ გამარჯვება და მასპინძლებიც ახლოს იყვნენ გატანილ გოლთან, მაგრამ ქეცბაიას გუნდის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ფეხბურთელებმა ბოლომდე გაუძლეს ფრანგთა შეტევებს და ფაქტობრივად ისტორიული ქულა მოიპოვეს.

მეორე ტაიმის 48-ე წუთზე, სანდრო კობახიძის გარღვევის შემდეგ მარჯვენა ფლანგზე, ბურთი თორნიკე ოქრიაშვილმა მიიღო და უგო ლორისს დაურტყა. ტოტენჰემის მეკარემ ბურთის მოგერიება კი შეძლო, მაგრამ ოქრიაშვილმა მეორედ დარტყმაც მოახერხა და ბურთი ძელს მოხვდა. ეს იყო საქართველოს ნაკრების მიერ შექმნილი ყველაზე რეალური საგოლე მომენტი და ალბათ ცოტა იღბალიც რომ დახმარებოდათ, ვინ იცის ტაბლოზე საბოლოოდ რა ანგარიში დაფიქსირდებოდა. თუმცა ასეთ საუბარს აზრი არ აქვს - მოხდა ის, რაც მოხდა. ამ მომენტამდე, პირველი ნახევარი იყო, რომელიც ფრანგების უპირატესობით წარიმართა, თუმცა რეალურ საგოლე მომენტამდე საქმე არ მისულა. ბენზემას და რიბერის დარტყმები, გიორგი ლორიამ მოიგერია. მთლიანობაში ქართველი მცველები საკმაოდ საიმედოდ გამოიყურებოდნენ.

მეორე ნახევრის დასაწყისში, ზემოთ აღნიშნული ეპიზოდი იყო, რამაც ქართველი გულშემატკივარი გამოაცოცხლა და შეხვედრას სხვანაირი ელფერი მიეცა. ქეცბაიას გუნდში ყველაზე აქტიურები ჯანო ანანიძე, თორნიკე ოქრიაშვილი და სანდრო კობახიძე იყვნენ. თუ კობახიძემ შემდგომში ოდნავ მოუკლო და სავარაუდოდ დაიღალა, ოქრიაშვილი მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს მოსვენებას არ აძლევდა - ტექნიკური ილეთებით ხშირად ცდებოდა და რამდენჯერმე ლამაზად მოატყუა კიდეც. აღსანიშნავია, ანანიძის მაგვირად მოედანზე შემოსული დავით თარგამაძის კარგი თამაში, რომელიც თავის კოზირებს - ტექნიკას და სისწრაფეს კარგად იყენებდა და რამდენიმე სახიფათო შეტევაშიც მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებივით ესთეტიურად ლამაზი თამაშით არ გამოირჩეოდა, მაგრამ ძალიან პროდუქტიული იყო ჯაბა კანკავა, რომლის გარეშეც თამამად შეიძლება ითქვას, რომ დღეს ქეცბაიას გუნდი ფრეს ვერ მიაღწევდა. კანკავამ იმდენად დიდი მოცულობის სამუშაო შეასრულა, რომ მოედნის ცენტრში მის მიერ ჩაშლილი მეტოქე გუნდის შეტევების ჩამოსათვლელად, დიდი დრო დაგვჭირდება. პრეს-ლოჟაში ჩემს გვერდით მჯდომი ფრანგების აღფრთოვანება გამოიწვია გია გრიგალავამ, რომლის შესახებ ერთდროულად რამდენიმე სტუმარმა ჟურნალისტმა მკითხა და აღნიშნეს, რომ კარგ ფიზიკურ კონდიციებთან ერთად, გრიგალავა ფრანგ შემტევებს ტოლ-სწორად ეთამაშებოდა. შეხვედრას რომ დავუბრუნდეთ, მატჩის მიწურულს ფრანგებმა ერთდროულად რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს და რომ არა გიორგი ლორიას ბრწყინვალე თამაში, რასაც ქართველი გულშემატკივარი უნდა აღვნიშნოთ რომ შეეჩვია, შესაძლოა ტაბლოზე 0:1, ან 0:2 დაწერილიყო. დინამო თბილისის მეკარემ, 84-ე წუთზე ჯერ რიბერისა და ვალბუენას სახიფათო დარტყმები მოიგერია, შემდეგ კი როდესაც დამატებული დროის ათვლა იწყებოდა, თავური დარტყმების ოსტატის, არსენალის ფორვარდის, ოლივიე ჟირუს ფაქტობრივად აუღებელი დარტყმა აიღო. ეს არსენალის ფეხბურთელის მიერ შექმნილი ბოლო მომენტი არ ყოფილა, რამდენიმე წამში ლორიას რეაქცია ბაკარი სანიამ შეამოწმა, თუმცა ლორია გოლის გაშვებას დღეს არ გეგმავდა. საქართველოს ნაკრებმა, ფრანგთა მასირებულ შეტევებს გაუძლო, თავადაც გადავიდა მეტოქის ნახევარზე და ასე გავიდა მატჩისთვის განკუთვნილი დრო. 

ძალიან დამაფიქრებელია, თუ როგორ შეიძლება ფაქტობრივად იდენტურმა შემადგენლობამ ჯერ ყაზახეთის ნაკრებთან წააგოს, შემდეგ კი საფრანგეთს ფრედ ეთამაშოს, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება - თემურ ქეცბაიას გუნდმა ფაქტობრივად სენსაციურ შედეგს მიაღწია.

10 სექტემბერს, ჯვაროსნები დინამო არენაზე ფინეთის გუნდს უმასპინძლებენ, სადაც ფაქტობრივად გადაწყდება, თუ ვინ დაიკავებს ჯგუფში მესამე ადგილს. აქვე გეტყვით, რომ ჩვენს ჯგუფში დღეს, კიდევ ერთი მატჩი გაიმართა - ესპანეთმა საკუთარ მოედანზე ჩემსმიერ ხსენებული ფინეთი მიიღო და ალბასა და ნეგრედოს გოლებით 2:0 დაამარცხა.

 

კომენტარები