საპრეზიდენტო არჩევნები 2013

ივანიშვილი ზურაბიშვილს: თქვენ პრეზიდენტობისთვის ღირსეული პიროვნება ხართ

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის მიმართვას პასუხობს.  ის  ზურაბიშვილის 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ არჩევნები დემოკრატიის მაღალი სტანდარტებითა და მოქმედი კანონმდებლობის დაცვით ჩატარდება.

"კონკურენტულობა არჩევნების დემოკრატიულობის ერთ-ერთი წინაპირობაა და ამიტომ დაინტერესებული ვართ, რაც შეიძლება მეტი ღირსეული კანდიდატი ვიხილოთ საპრეზიდენტო ბრძოლაში ჩაბმული. თქვენ, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ ერთ-ერთი ასეთი ღირსეული პიროვნება ბრძანდებით და პირადად მე მოხარული ვიქნებოდი, თუ თქვენს გვარსაც ვიხილავდი საარჩევნო ბიულეტენში. ამასთანავე, ჩვენ ერთად ვიბრძოდით ამ ქვეყანაში კანონიერების დასამკვიდრებლად და ერთი კაცის დიქტატის, ერთი კაცის ნების მიხედვით ავტორიტარული მმართველობის დასამთავრებლად.

 თქვენ, როგორც ამ ქვეყნის გამორჩეულ მოქალაქეს, როგორც საფრანგეთის ემიგრაციის ღირსეულ შთამომავალს, ევროპული კულტურისა და დემოკრატიული ღირებულებების წიაღში აღზრდილს, კარგად მოგეხსენებათ, რომ ერთი პირი, რაგინდ რა თანამდებობისა და ავტორიტეტისა არ უნდა იყოს იგი, ვერ უნდა წყვეტდეს ვინმესთვის, თუნდაც განსაკუთრებით პატივსაცემი პიროვნებისთვის, გამონაკლისის დაშვებას, – ამ საკითხს ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში კანონი და კონსტიტუცია განსაზღვრავს. ასევე დაუშვებელია მთავრობის ან პარლამენტის მიერ სასამართლოს ან საარჩევნო კომისიების კომპეტენციაში შემავალ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება. 

მესმის თქვენი შეშფოთება იმის გამო, რომ გავრცელებული არაოფიციალური შეფასებებისა და ცესკო-სა და სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით არსებობს სამართლებრივი ხასიათის კითხვები არჩევნებში თქვენი მონაწილეობის შესაძლებლობის თაობაზე. მაგრამ მე ვერ და არ ვიქნები სამართლის უმაღლესი ინსტანცია ჩვენს სახელმწიფოში. ეს პირობა მივეცი ჩვენს ხალხს და მას არავითარ შემთხვევაში არ დავარღვევ. 

ამიტომ ვაკეთებ მხოლოდ იმას, რაც შემიძლია – კიდევ ერთხელ მივმართავ და მოვუწოდებ ყველა სახელმწიფო ორგანოსა და თანამდებობის პირს, რათა მოქალაქეების, მათ შორის, თქვენი პოლიტიკური უფლებების თაობაზე გადაწყვეტილებების მიღების დროს იხელმძღვანელონ მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციით, კანონებით და საკუთარი შინაგანი რწმენით. 
თქვენ კი გირჩევთ, ჩვეული შემართებითა და პრინციპულობით შეეცადოთ სათანადო სახელმწიფო დაწესებულებებში თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას - მერწმუნეთ, დღევანდელ საქართველოში აღარავინ დაიჩაგრება, თუკი სიმართლე და კონსტიტუცია მის მხარეს აღმოჩნდება", - აღნიშნავს ივანიშვილი.

სალომე ზურაბიშვილმა ბიძინა ივანიშვილს ღია წერილით 26 აგვისტოს მიმართა და თქვა, რომ მისი კანდიდატის რეგისტრაციისთვის არანაირი დაბრკოლება არ არსებობს.

" სურვილი და განცხადება „თავისუფალი და სამათლიანი არჩევნების" შესახებ არ არის საკმარისი. ეს არის ის, რასაც ოპოზიციიდან ვებრძოდით, როდესაც წინა ხელისუფლება სწორედ დეკლარირებული დემოკრატიულობით, ფასადური დასავლურობით და სინამდვილეში პოლიტიკური ოპონენტებისათვის უფლებების შელახვით, ბიზნესის და მედიის შევიწროვებით, ახდენდა დემოკრატიის დისკრედიტაციას.

კიდევ ერთხელ გამოვხატავ პატივისცემას თქვენ მიმართ და მინდა, სანამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შევიტანდე განაცხადს,შეგხვდეთ და პირადად ჩაგაყენოთ საქმის კურსში, რომ არავითარი სამართლებრივი დაბრკოლება ჩემი კანდიდატის რეგისტრაციისთვის არ არსებობს; რადგან ქვეყანაში თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარებაზე უპირველეს ყოვლისა პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ხელისუფლებას, რომელიც ოქტომბრის არჩევნების შედეგად მოვიდა სახელმწიფოს სათავეში და რომელსაც ასე უპირობოდ ვუჭერდი მხარს.“ - წერია მიმართვაში.

 

 

 

კომენტარები