სასჯელაღსრულების სამინისტრო

ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პატიმარი გელა ჯაყელი მოკლულია

სასჯელაღსრულების მეექვსე  დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმარი იპოვეს. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, მან თავი მოიკლა თუმცა ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ გელა ჯაყელი მოკლეს. 

"პირველადი ინფორმაციით, მსჯავრდებული გელა ჯაყელი რომელმაც წარსულში არაერთხელ მიმართა თვითდაზიანებას, საკანში, მექანიკური ასფიქსიით გარდაცვლილი იპოვეს. 2013 წლის იანვრის შემდეგ, მსჯავრდებული გ.ჯ. თვითდაზიანებების გამო, 5-ჯერ გადაიყვანეს სამოქალაქო საავადმყოფოებში, სადაც მას დროული და ადეკვატური დახმარება აღმოუჩინეს. მსჯავრდებულს არაერთხელ გაეწია ფსიქიატრის კონსულტაცია, რის საფუძველზეც სათანადო მკურნალობა ჩაუტარდა. მასთან მუშაობდა ფსიქოლოგიც", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

გარდაცვლილის დედა ზოია ჯაყელი კი აცხადებს, რომ მის შვილს ფსიქოლოგიური პრობლემები არ ჰქონია.

"პარასკევს ციხეში ვიყავი ჩემი შვილის სანახავად, ციხის ადმინისტრაცია ჩემი თვალის ასახვევად კარგად ექცეოდა, თუმცა გელამ მითხრა, რომ მის მოკვლას აპირებდა ვინმე ზურა, გვარი არ ვიცი, მითხრა, რომ ის არის ციხის უფროსის მოადგილის დროებითი შემსრულებელი," – განაცხადა ზოია ჯაყელმა. 
გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, ციხეში მისმა შვილმა მართლაც მიიყენა თვითდაზიანება, იმიტომ, რომ გადასხმის გაკეთება მოითხოვა, ციხის ადმინისტრაციაში კი უარი უთხრეს.
"გარდაცვლილს საფეთქელზე აქვს ზონარი შემოჭერილი და თავზე აქვს დაზიანებები. ამას თვითონ ვერ მიიყენებდა, ჩემი შვილი მოკლულია," – აღნიშნა ზოია ჯაყელმა. 

 

კომენტარები