შსს

შსს პრეზიდენტს პასუხობს

RFE/RL

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებებს ეხმაურება. უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ მინისტრ ღარიბაშვილის 2013 წლის 16 აგვისტოს ბრძანებით, პირდაპირ დადგენილია თვისებრივად ახალი რეგულაცია, რომლის თანახმადაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლებული პირთა წრის მიმართ, მითითებული თარიღიდან ვრცელდება ნასამართლობის მოხსნის რეჟიმი.

"მიუხედავად ამნისტიის მასობრივი ხასიათისა და საყოველთაო ფორმისა, ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მოსალოდნელი რისკფაქტორების შეფასებისა და პერსპექტიული პროგნოზირების შესაბამისად დაგეგმილი და ოპერატიულად გატარებული პრევენტულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების შედეგად, ამნისტიით გამოწვეული უარყოფითი დინამიკა პრაქტიკულად ნიველირებულია და აღნიშნული ფაქტორის საერთო კრიმინალურ სიტუაციაზე ნეგატიური ზეგავლენის ხარისხი დღევანდელი მდგომარეობით მინიმუმამდეა დაყვანილი. პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება პოლიციის დემორალიზაციის შესახებ არა მხოლოდ პოლიციის მუშაობის ეფექტიანობის შემცირებისაკენ, არამედ საზოგადოებაში ანტიპოლიციური განწყობების გაზრდისა და დისონანსის შეტანისაკენ არის მიმართული. პრეზიდენტის საპასუხოდ გვსურს განვაცხადოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო და პოლიცია არის მოტივირებული და ეფექტურად მუშაობს. რაც შეეხება იუსტიციისა და შს სამინისტროების მონაცემთა შორის არსებულ განსხვავებებს, აღნიშნული გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით: შსს სტატისტიკის მონაცემები მოიცავს შს ტერიტორიული დანაყოფების მიხედვით რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას. იუსტიციის სამინისტროს მონაცემები მოიცავს ყველა შესაბამისი კომპეტენციით აღჭურვილი სახელმწიფო უწყების საგამოძიებო ორგანოს საქართველოს მასშტაბით; შს სამინისტროს სტატისტიკა აღრიცხავს რეგისტრირებული დანაშაულის ფაქტებს დინამიკაში, კვალიფიკაციის შეცვლის, გაერთიანება-გამოყოფის და წარმოებით შეწყვეტის შესახებ მონაცემების ჩათვლით. იუსტიციის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა მოიცავს მხოლოდ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ საწყის ფორმალურ მონაცემებს; ასევე გვსურს გამოვეხმაუროთ პრეზიდენტის განცხადებას და აღვნიშნოთ, რომ მას არაერთხელ გაუკეთებია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პოლიციის დისკრედიტაციისკენ მიმართული და შეურაცხმყოფელი განცხადებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გამიზნულად არ ხდება. სამინისტრო მოუწოდებს ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანისგან", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

კომენტარები