საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტრო აფხაზეთში ნაკრძალის შექმნის გამო შეშფოთებულია

mfa.gov.ge

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის ფედერაციის პრემიერმინისტრის, დმიტრი მედვედევის განკარგულებასთან დაკავშირებით, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის აფხაზეთის რეგიონის მონაკვეთზე ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნას ითვალისწინებს. 
სამინისტროში აცხადებენ, რომ მსგავსი ქმედება წარმოადგენს რუსეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო ვალდებულებებს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მოსკოვის მხრიდან მის მიერვე შექმნილ საოკუპაციო რეჟიმთან დადებული ნებისმიერი "შეთანხმება" უკანონოა საერთაშორისო სამართლის ნორმების თანახმად, რადგან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიის განუყოფელ ნაწილს, რომელიც ამჟამად არის რუსეთის ეფექტური კონტროლის ქვეშ. რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება, საქართველოს სუვერენულ ტერიტორიაზე ნაკრძალის შექმნის თაობაზე, განსაკუთრებით არაადეკვატურია იმის გათვალისწინებით, რომ თავად რუსეთი სერიოზულ ზიანს აყენებს აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, სოჭში დაგეგმილი 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადის ინფრასტრუქტურის მშენებლობისათვის ინერტული მასალების გატანით. საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს მოსკოვის უკანონო გადაწყვეტილებას და მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული დესტრუქციული პოლიტიკა და შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები", - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რუსეთის პრემიერმინისტრმა დმიტრი მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა ტრანსსასაზღვრო რეზერვატის (ნაკრძალის) შექმნის შესახებ განკარგულება 13 აგვისტოს გამოსცა. 

კომენტარები