აგვისტოს ომი

ფანჯიკიძე: აგვისტოს ომთან დაკავშირებით, რუსეთთან დიდი აზრთა სხვადასხვაობა გვაქვს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ, მუხათგვერდის სასაფლაოზე ყოფნისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, მიუხედავად გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა, რუსეთისგან არაადეკვატური პასუხი მიიღეს.

"რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, აფხაზეთი და ე.წ. სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სუბიექტებად აღიარებული აქვს, არ აღიარებს საქართველოს სუვერენიტეტს. ეს არის მიზეზი, თუ რატომ გვაქვს გაწყვეტილი დიპლომატიური ურთიერთობა. ვერც აღდგება ეს ურთიერთობა, სანამ მდგომარეობა იქნება ასეთი. მიუხედავად ჩვენ მიერ გადადგმული დადებითი ნაბიჯებისა, მასზე იყო არაადეკვატური პასუხი რუსეთის მხრიდან. გარკვეულ პროგრესს ჩვენ მივაღწიეთ ეკონომიკური, ჰუმანიტარული და კულტურული თვალსაზრისით, მაგრამ, პოლიტიკური თვალსაზრისით, ჩვენ გარღვევა არ გვაქვს და ეს არის ჩვენი მიზანი, რომ სწორედ ურთიერთობების დათბობამ გარკვეულ სფეროებში იქნებ გამოიწვიოს პოლიტიკური დიალოგის გაუმჯობესება", - აღნიშნა ფანჯიკიძემ. 

ფანჯიკიძე დმიტრი მედვედევის ინტერვიუსაც გამოეხმაურა, სადაც პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას რუსეთი არ მიესალმება. ფანჯიკიძის თქმით, ქვეყანა არჩეულ გზას არ გადაუხვევს.

"ჩვენ რუსეთთან გვაქვს ძალიან დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუ რა მოხდა 2008 წლის აგვისტოში. რაც შეეხება მედვედევის განცხადებებს და მშვიდობიან მოწოდებებს ამის შესახებ, გამოხატულება იქნება, თუკი რუსეთის მხარე აიღებს ცეცხლის შეწყვეტის, ძალის არგამოყენების ვალდებულებას, როგორც საქართველომ გააკეთა ცალმხრივად, მაშინ მე დავიჯერებ, რომ მათი მიზნები კეთილშობილურია. რაც შეეხება იმას, რომ რუსეთი არ მიესალმება NATO-ში საქართველოს გაწევრიანებას, ეს ახალი არ არის, მაგრამ საქართველო ამ გზას არ გადაუხვევს, როგორიც არ უნდა იყოს სხვა ქვეყნების ლიდერების განცხადებები", - თქვა ფანჯიკიძემ. 

 

კომენტარები