აგვისტოს ომი

ალასანია: ოკუპაცია დღესაც გრძელდება

ალექსანდრე ისკანდაროვი / ტაბულა

"აგვისტოს ომი, ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია", - აცხადებს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.

ალასანიას თქმით, გაერთიანებულ შტაბში შექმნილია კომისია, რომელიც არა მხოლოდ აგვისტოს ომს, არამედ საქართველოს ტერიტორიაზე ბოლო წლებში განხორციელებულ სამხედრო მოქმედებებს სწავლობს. შედეგები მხოლოდ მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კომისია მუშაობას დაასრულებს.

"ამ კომისიის მიზანი არის სამხედრო ასპექტების შესწავლა, როგორ მიიღებოდა გადაწყვეტილებები ოპერატიულ-ტაქტიკურ და სტრატეგიულ დონეზე, რა ვერ შეძლო ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა და რა იყო ამის მიზეზი. თუკი გამოვლინდა კონკრეტული ბრალეულობა, ამას უკვე სამართალდამცავები განიხილავენ. კითხვაზე - თუ ვინ დაიწყო ომი და როგორ დაიწყო ომი, ამაზე პასუხი გაცემული აქვს საქართველოსაც და საერთაშორისო თანამეგობრობასაც. ეს იყო რუსეთის აგრესიული ომი სუვერენული ქვეყნის წინააღმდეგ და დღესაც გრძელდება ოკუპაცია. ამ საკითხებში სიცხადე არსებობს, როგორც ჩვენში, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობაში", - აღნიშნა ალასანიამ.

კომენტარები