საპრეზიდენტო არჩევნები

მარგველაშვილის პრესსამსახური საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს პასუხობს

ქართული ოცნების საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის, პრესსამსახური საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მიმართვას ეხმაურება. ისინი მიესალმებიან არასამთავრობო ორგანიზაციის ინტერესს, რომ ქვეყანაში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს.

პრესსამსახურის ცნობით, გიორგი მარგველაშვილმა არაერთხელ აღნიშნა, რომ ყველა კანდიდატს საარჩევნო კამპანიის წარმოება თანაბარ პირობებში მოუწევს. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრს საშუალებას აძლევს იმავდროულად იყოს საპრეზიდენტო კანდიდატიც, მარგველაშვილმა აღნიშნული თანამდებობა მაინც დატოვა. 

"კოალიცია ქართული ოცნება წარმოადგენს იმ ძალას, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუცხადა. საარჩევნო კამპანია არ გასცდება კანონით დადგენილ თუ პოლიტიკური სტანდარტის ზღვარს, რომლის აღსრულებისთვისაც კოალიცია იბრძოდა და იბრძვის საქართველოს მოსახლეობასთან ერთად", - აღნიშნულია განცხადებაში.

დღეს საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ გიორგი მარგველაშვილის სახელზე მიმართვა გაავრცელა. არასამთავრობო ორგანიზაციამ მარგველაშვილის მინისტრის პოსტიდან გადადგომა დადებითად შეაფასა და მოუწოდა, წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება არ დაუშვას.

კომენტარები