მარიამ კოჩალიძის საქმე

ირანის კონსულმა სამართალდამცავებს ეჭვმიტანილზე ინფორმაცია მიაწოდა

ირანის გენერალური კონსული აჰმად რეზა არზიანი ბათუმში მოკლული 16 წლის მარიამ კოჩალიძის საქმეს გამოეხმაურა. "მზად ვართ, სამართალდამცველებს მივაწოდოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას.

კონსულის თქმით, მკვლელობაში ბრალდებული მოჰამადამინ როოინტანი ორი წლის განმავლობაში თურქეთში ცხოვრობდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა.

"ჩვენ ვგმობთ ამ საზარელ მკვლელობას და მზად ვართ დავეხმაროთ ქართველ სამართალდამცავებს. მივაწოდოთ ინფორმაცია მკვლელობაში ბრალდებულის შესახებ. უკვე გადავეცით მნიშვნელოვანი ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს და აჭარის პოლიციის უფროსის მოადგილეს. საზღვრებზე გაძლიერებულია კონტროლი. მკვლელობაში ბრალდებული ბოლო ორი წელის განმავლობაში თურქეთში იმყოფებოდა და ჯერჯერობით ირანში არ დაბრუნებულა. იმედი მაქვს, ამ საქმეს მალე ნათელი მოეფინება და ინციდენტი ორი ქვეყნის ურთიერთობაზე არ აისახება", - აღნიშნა აჰმად რეზა არზიანმა.

16 წლის მარიამ კოჩალიძე ბათუმის ახალი ბულვარის ბოლოს 23 ივლისს მოკლული იპოვეს. მკვლელობაში ეჭვმიტანილი 1985 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე მოჰამადამინ როოინტანია.

კომენტარები