გამოსახლება

თბილისის მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან სოციალურად დაუცველ ოჯახებს ასახლებენ

www.government.gov.ge

"ჩვენ რამდენიმე ოჯახის საპატივსაცემოდ ვერ დავთმობთ ასობით დევნილის ოჯახის უფლებას, რომლებიც წლების განმავლობაში ელოდებიან საცხოვრებელ ფართებს", - განაცხადა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა დავით დარახველიძემ. განცხადება თბილისის მე-13 საჯარო სკოლის შენობიდან 30-მდე სოციალურად დაუცველი ოჯახის გამოსახლებას მოჰყვა.

შენობასთან დღეს დილიდან საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. სოციალურად დაუცველების ადვოკატი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა ის ეზოში არ შეუშვეს. მისი თქმით, დევნილთა სამინისტრო სოციალურად დაუცველებს დროებითი საცხოვრებლის დამადასტურებელ დოკუმენტს არ აძლევს.

სკოლის შენობასთან სატვირთო მანქანებიც არის მობილიზებული, რათა ოჯახებმა თავიანთი ნივთების გადატანა შეძლონ. გამოსახლებულებიდან 6 ოჯახს ალტერნატიული ფართით ჯანდაცვის სამინისტრო აკმაყოფილებს.

როგორც დევნილთა მინისტრი აცხადებს, მათ აქვთ სხვადასხვა უწყებიდან, მათ შორის საჯარო რეესტრიდან მიღებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ყოფილ მე-13 საჯარო სკოლაში მცხოვრები 23 ოჯახის ზოგიერთი წევრი სხვადასხვა სახის ქონების მესაკუთრეა, მათ შორის რეგიონებში. მინისტრის მტკიცებით, ზოგიერთ მათგანს ავტომობილიც ჰყავს. "მათი ნაწილი სოციალურად დაუცველი არ არის, თუმცა მათ სტატუსი მიანიჭეს მაშინ, როდესაც ამ შენობაში დააფიქსირეს", - ამბობს დარახველიძე.

შენობის გარე პერიმეტრზე სხვა შენობებში შესახლებული სოციალურად დაუცველებიც შეიკრიბნენ. ისინი აქციის გამართვას სახელმწიფო კანცელარიასთან და ეკონომიკის სამინისტროსთან გეგმავენ. მათი განცხადებით, ისინი მთავრობას ორი დღის ვადას აძლევენ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება - არ შეჩერდება გამოსახლება ან არ მიიღებენ ალტერნატიულ ფართს - რუსეთისკენ ფეხით მსვლელობას გამართავენ.

 

კომენტარები