CNN

თეთრი სახლის ცნობილი ჟურნალისტი ჰელენ ტომასი გარდაიცვალა

www.huffingtonpost.com

თეთრი სახლის ცნობილი ჟურნალისტი ჰელენ ტომასი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში, ტომასმა თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე აშშ-ის 10 პრეზიდენტის გაშუქება მოასწრო. CNN-ის შეფასებით, ამ სტატისტიკის გამო, ის ჟურნალისტიკის ინდუსტრიაში ლეგენდად იქცა.

ჰელენ ტომასმა თეთრი სახლი პირველად 1961 წელს გააშუქა, როცა აშშ-მა პრეზიდენტად ჯონ კენედი აირჩია. მას შემდეგ 2010 წლამდე, სანამ სამსახურიდან წავიდოდა, ტომასი ყველა პრესკონფერენციას ესწრებოდა. ის თეთრი სახლის განუყოფელი ნაწილი გახდა - ყოველთვის წინა რიგში იჯდა და სპიკერებს მახვილგონივრული და მიზანმიმართული შეკითხვებით ნერვებს ხშირად უშლიდა.

2010 წელს ტომასი სკანდალში გაეხვა: YouTube-ზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ჟურნალისტი აცხადებდა, რომ ისრაელი "პალესტინიდან უნდა გაეთრეს", ხოლო ებრაელები შინ დაბრუნდნენ "პოლონეთში, გერმანიაში... და ამერიკაში და სადაც უნდათ იქ".

ტომასმა ამ განცხადებებისთვის მოგვიანებით ბოდიში მოიხადა: "ეს განცხადებები არ გამოხატავენ ჩემს გულწრფელ დამოკიდებულებას, რომ ახლო აღმოსავლეთში მშვიდობა მხოლოდ მაშინ დაისადგურებს, როცა ყველა მხარე გაიაზრებს, რომ ურთიერთპატივისცემა და ტოლერანტობა აუცილებელია. დაე, ეს დღე მალე მოვიდეს". ერთი კვირის შემდეგ მან სამსახური დატოვა. 2012 წელს კი, პალესტინის წარმომადგენელმა მას სპეციალური ჯილდო გადასცა.

საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით, ჰელენ ტომასმა 1999, 2002 და 2006 წლებში სამი წიგნი გამოსცა. ჟურნალისტობისადმი მის დამოკიდებულებას ასე აღწერდა: "პრეზიდენტს მხოლოდ იმ კუთხით ვაშუქებდი, რომ ის ყველაფერზე პასუხისმგებელია".

თავის კარიერის განმავლობაში, ჰელენ ტომასმა რამდენიმე მნიშვნელოვანი ბარიერიც გადალახა, მათ შორის, ის თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის პირველი ქალი პრეზიდენტი გახდა. უკვე 80 წელს მიტანებული, ის ბევრ ახალგაზრდა ქალ ჟურნალისტს უწევდა კონსულტაციას და პროფესიონალურ რჩევებს აძლევდა.

CNN-ი აღნიშნავს, რომ კოლეგები ტომასს ახასიათებენ უშიშარ ქალად, რომელიც საჭიროების შემთხვევაში, ერთნაირად მწვავედ აკრიტიკებდა ყველა პრეზიდენტს, მიუხედავად მათი პარტიული კუთვნილებისა. ჯორჯ ბუშმა მისი კრიტიკა 11 სექტემბრის მოვლენების თავიდან ვერ აცილების და ერაყთან ომის გამო დაიმსახურა. ობამას სპიკერი რობერტ გიბსი კი ტომასმა ჯანდაცვის რეფორმის გამო გააწითლა.

CNN-ი იხსენებს, რომ ტომასი ყველა ბრიფინგის დროს სპიკერს ერთიდაიგივე შეკითხვას უსვამდა - რეფორმის პაკეტი უზრუნველყოფდა თუ არა არჩევანის მრავალფეროვნებას. სპიკერი ამ კითხვაზე პასუხს გაურბოდა. ერთხელაც, ტომასმა აღნიშნა, რომ მისთვის უკვე ცნობილი იყო სავარაუდო პასუხი, თუმცა ამის მოსმენას უშუალოდ პრეზიდენტის სპიკერისგან ვერ ახერხებდა.

გიბსმა კითხვა შეუბრუნა - მაშინ რატომ მეკითხებით ამდენჯერ ერთი და იგივეს?

მინდა, სინდისმა შეგაწუხოთ - უპასუხა ჰელენ ტომასმა.

როგორც CNN-ი იხსენებს, დარბაზში სიცილი გაისმა, რობერტ გიბსი კი გაწითლდა.

ტომასი სრულად სარგებლობდა ყველა იმ თავისუფლებით, რასაც მას სვეტის ავტორის სტატუსი ანიჭებდა. 2002 წელს, ერთ-ერთ ინტერვიუში წარმატებულმა ჟურნალისტმა აღნიშნა: "მთელი 50 წლის განმავლობაში, როცა რეპორტიორი ვიყავი, ცენზურას მკაცრად ვიცავდი. ახლა კი, დილით რომ ვიღვიძებ, ჩემს თავს ვეკითხები - აბა, დღეს ვინ მძულს?"

 

 

 

 

 

კომენტარები