შსს

შსს: ახალციხის სასამართლოს შენობის დაზიანებაში მონაწილეები დაისჯებიან

RFE/RL

შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად დაისჯება.

”ახალციხეში სასამართლოს შენობის დაზიანების ფაქტზე შსს-ს ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) აღძრეს. ამ დროისათვის დამნაშავე პირების დასადგენად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. აღნიშნულ საქმეში მონაწილე ყველა პირი კანონის შესაბამისად მკაცრად დაისჯება. გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით ეცნობება”, - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ახალციხის რაიონული სასამართლოს შენობასთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომლის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის, მამუკა ხვედელიანისა და სხვა ბრალდებულების გათავისუფლება გააპროტესტეს.

შეკრებილებმა სასამართლოს შენობას ქვები, კვერცხები და ცოცხები დაუშინეს. ამის შედეგად ჩაიმსხვრა შენიობის მინები და სასამართლოს ერთი თანამშრომელი დაშავდა. 

აქციაში ქართული ოცნების აქტივისტებმა, ასევე ბორჯომის, ასპინძისა და აბასთუმნის მცხოვრებლებმა მიიღეს მონაწილეობა. მათ ხელში ტრანსპარანტები და ქართული ოცნების დროშები ეჭირათ.

მამუკა ხვედელიანი და მისი ოთხი ყოფილი თანამშრომელი, რომელთაც ბრალი წამებასა და არაადამიანურ მოპყრობაში ედებოდათ, 3 ივლისს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო და დარბაზიდან გაათავისუფლა. 

კომენტარები