დავით გელაძის საქმე

დავით გელაძე 15-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

facebook.com/pages/თბილისის-საქალაქო-სასამართლო

სასამართლომ დავით გელაძე 15 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ამის შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლო იუწყება. მათი განცხადებით, ნაწილობრივ დააკმაყოფილეს პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ დავით გელაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე. შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს ყოფილ უფროს დავით გელაძეს ბრალად ედება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება.

ამ საკითხზე კომენტარი გააკეთა იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა: "იმ საზარელმა დანაშაულმა, რაც მომხდარია მოქალაქე სვანის, ახალგაზრდა კაცის წინააღმდეგ, რომლის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, შეძრა ქართული საზოგადოება. სამართალდამცველებს ეკუთვნით მადლობა, რომ ამ საქმეზე სავარაუდო დამანაშავე გამოავლინეს, და, რაც მთავარია, პროკურატურა ითხოვდა პატიმრობას, სასამართლომ კი შეუფარდა გირაო".

სასამართლოს ცნობით, საქმის მასალების მიხედვით, 2013 წლის 26 მაისს, დაახლოებით ღამის 22:30 წუთზე, გიგი სვანი ავტომობილით მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა თბილისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, რა დროსაც მათ, ნელი სვლით, სამსახურის ავტომანქანით გვერდით ჩაუარა დავით გელაძემ. ამ უკანასკნელმა უკმაყოფილება გამოთქვა გიგი სვანისა და მისი მეგობრების მიმართ ავტომანქანის გაღებული კარის გამო, რომელიც ხელს უშლიდა გადაადგილებაში და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მათ. გიგი სვანი ფეხით დაედევნა გელაძის მანქანას და გაჩერება მოსთხოვა. დავით გელაძემ ავტომანქანა გააჩერა, გადმოვიდა და ცეცხლსასროლი იარაღით გიგი სვანის მიმართულებით გაისროლა, რა დროსაც ამ უკანასკნელმა მარჯვენა მხრის არეში მიიღო ცეცხლნასროლი ჭრილობა. აღნიშნულის შემდეგ გელაძე მანქანით მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.

"სასამართლომ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, მოისმინა მხარეთა განმარტებები, გაეცნო საქმეში წარმოდგენილ მასალებს, შეამოწმა შუამდგომლობის დასაბუთებულობა, ასევე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები და მიიჩნია, რომ შუამდგომლობა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს. ბრალდებულის დაკავებისას დაირღვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნები. შუამდგომლობაზე თანდართული მასალებით დადგინდა, რომ დავით გელაძე გამოცხადდა თბილისის პროკურატურაში და მოწმის სახით დაკითხვისას აღიარა ბრალის ფაქტობრივი გარემოებები. სასამართლო განჩინების გარეშე, პირის დაკავება მოხდა მაშინ, როდესაც არ არსებობდა პირის დაკავების გადაუდებელი აუცილებლობა, რაც წარმოადგენს დაკავებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლების საფუძველს. ასევე, პროკურორის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ყველაზე უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს გამოყენების პირობებშიც მიღწეულ იქნება აღკვეთის ღონისძიების მიზნები. სასამართლომ მხედველობაში მიიღო, რომ ბრალდებულს ბრალად ედება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენა, წარსულში არ არის ნასამართლევი და წლების განმავლობაში მუშაობდა პასუხსაგებ თანამდებობებზე", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

ამ საქმეზე წინასასამართლო სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 31 ივლისს, 16:00 საათზე, გაიმართება.

კომენტარები