დავით გელაძის საქმე

შსს: დავით გელაძე დაკავებულია

ნინო გიორგობიანი
შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო გიორგობიანის თქმით, გიგი სვანის საქმეზე უკვე დაკავებულია დავით გელაძე და მისი სასამართლო პროცესი დღეს იმართება. გიორგობიანის თქმით, გელაძის წინააღმდეგ საქმე 117-ე მუხლის მიხედვითაა აღძრული, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ნინო გიორგობიანმა აღნიშნა, რომ შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსი თანამდებობიდან ინციდენტის შემდეგ გაათავისუფლეს, საქმეს კი პროკურატურა იძიებს.

სანამ გელაძის დაკავების ფაქტი გახდებოდა ცნობილი, შსს-ს ჩადენილ დანაშაულზე ინფორმაცია არ ჰქონდა გავრცელებული. ”ნიუპოსტსის” -ის ცნობით კი, სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა მათ განუცხადა, რომ გელაძე სამინისტროში არ მუშაობდა.

დღეს, 14 ივნისს, ამ საკითხზე პრესკონფერენცია გამართა ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა გივი თარგამაძემ, სადაც ისაუბრა გამოძიების გაჭიანურებასა და მის პროცესში გიგი სვანის ოჯახის წევრებზე შესაძლო ზეწოლის შესახებ. გივი თარგამაძემ ისაუბრა ინციდენტის დეტალებზეც: "გავრცელებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციით, ამა წლის 26 მაისს დაახლოებით 22:00 სთ-ზე შსს-ს კრიმინალური პოლიციის მე-4 სამმართველოს უფროსი დავით გელაძე ნასვამ მდგომარეობაში ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის გამზირზე გადაჭარბებული სისწრაფით მართავდა ავტომანქანას, რითაც საფრთხე შეუქმნა ფეხით მოსიარულე 18 წლის მოზარდს, მოქალაქე გიგი სვანს. ამ უკანასკნელის აღშფოთების შემდეგ, მგელაძემ გააჩერა მანქანა, გადმოვიდა და შევიდა კონფლიქტში აღნიშნულ ახალგაზრდასთან. სამსახურებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, იცოდა რა, რომ თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ გამზირზე მრავლად არის სათვალთვალო კამერები, შსს-ს მაღალჩინოსანმა სვანი ჩაიყვანა ყიფშიძის ქუჩაზე, თავზე დაადო ცეცხლსასროლი იარაღი და გაისროლა. საბედნიეროდ, გასროლამდე მოზარდმა მოასწრო მოძრაობა, რის გამოც ტყვია მოხვდა არა თავში, არამედ მხარში".

მათი ინფორმაციით, სვანს ჩაუტარდა ერთი ოპერაცია და უახლოეს დღეებში საჭიროებს მეორეს.

კომენტარები