ქართული ჯარი

ალასანია: ყველას თავები დაგორდება, ვინც ვერ იაზრებს ჯარის კვების პასუხისმგებლობას

mod.gov.ge

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ჯარის კვების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული ოთხი ტენდერი შეწყდა.

უწყების ცნობით, სამხედრო მოსამსახურეების კვებით უზრუნველყოფაზე, ოთხი ტენდერი 2013 წლის თებერვალში, რეგიონული პრინციპის მიხედვით, გამოცხადდა. 1 მაისიდან სამხედროები არანორმირებულიდან ნორმირებული კვების რეჟიმზე გადავიდნენ.

როგორც თავდაცვის სამინისტრო იუწყება, სამხედრო მოსამსახურეებს შორის ჩატარებული გამოკითხვით დადგინდა, რომ ისინი გამოთქვამდნენ ცალკეულ უკმაყოფილებას ნორმირებული კვების რეჟიმზე გადასვლასთან დაკავშირებით. საბოლოოდ, სამინისტროს ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება, გაეთვალისწინებინა სამხედრო მოსამსახურეთა სურვილი და სისტემაში არანორმირებული კვება აღედგინა.

უწყების ცნობით, ნორმირებულ კვებაზე გადასვლა სატენდერო დოკუმენტაციას არსებითად ცვლის, ამიტომ სატენდერო კომისიამ კვებით უზრუნველყოფის ტენდერები შეწყვიტა.

ამასთან, თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, თანამდებობიდან გათავისუფლდა სამხედროების კვების უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირი, იგეგმება ცვლილებები ქართული კვების კომპანიის მენეჯმენტის სტრუქტურაში, რომელიც შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეთა კვებას უზრუნველყოფს. ეს გადაწყვეტილება ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც მე-3 ქვეითი ბრიგადის ბაზაზე ჯარისკაცები მოიწამლენ. არსებული ინფორმაციით, ამ ეტაპზე შემოწმებას 11 სამხედრო მოსამსახურე გადის, რათა დადგინდეს, რამ გამოიწვია მათი მოწამვლა. საქმესთან დაკავშირებით გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ამავე თემაზე ისაუბრა თავდაცვის მინისტრმა რუსთავი 2-ის ეთერში:

"მივიღე გადაწყვეტილება და გავათავისუფლე ყველა, ვინც იყო დაკავებული კვების უსაფრთხოებით. ასევე, მთლიანად შეიცვლება ის მენეჯმენტი, რომელიც ახორციელებს ჩვენი შეიარაღებული ძალების კვებით უზრუნველყოფას. მინდა ნათლად განვაცხადო, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ყველა, ვინც უპასუხისმგებლოდ ეკიდება თავის მოვალეობას, იქნება სრული სიმკაცრით დასჯილი. თუკი გამოძიების დასრულების შემდეგ დამნაშავეები გამოიკვეთება, ჩემ მიერ იქნება უმკაცრესი ზომები მიღებული და ყველას თავები დაგორდება, ვინც ვერ იაზრებს, რა პასუხისმგებლობაა, როცა შენ გაბარია ჯარის კვება და ჯარის მომსახურება", - განაცხადა ალასანიამ გადაცემა პოზიციაში.

 

კომენტარები