ამერიკა-საქართველო

ჩარლზ კრაუტჰამერი – შეერთებული შტატები აგებს მოსკოვთან

პულიცერის პრემიის ლაურეატმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ჩარლზ კრაუტჰამერმა ტაბულას ინტერვიუ მაისში ვაშინგტონში მისცა. ეს ტაბულასთვის მიცემული კრაუტჰამერის მეორე ინტერვიუა. პირველი ზუსტად ერთი წლის წინ ჩაიწერა და ჟურნალის 101-ე ნომერში გამოქვეყნდა, რომელიც 2012 წლის 21 მაისს გამოვიდა.

ჩარლზ კრაუტჰამერმა, რომელსაც ბრიტანულმა Financial Times-მა ყველაზე გავლენიანი კომენტატორი, ხოლო ამერიკულმა გამოცემამ, National Review-მ, ობამას მთავარი კრიტიკოსი უწოდა, ტაბულასთან მთავარ საერთაშორისო მოვლენებზე ისაუბრა და მსოფლიოში არსებულ ტენდენციებზე საკუთარი ხედვა გაუზიარა.

Charles Krauthammer

შარშან ამ ოთახში ვიყავი, როდესაც კოსმოსური ხომალდი Discovery მუზეუმში გააცილეს. თქვენ ნაღვლიანად აღნიშნეთ, რომ ეს ფაქტი ამერიკის დაღმასვლის სიმბოლოა – სტატიაც კი გამოაქვეყნეთ Washington Post-ში – „მშვიდობით, ახალო თვალსაწიერო". დღევანდელი გადმოსახედიდან როგორ აფასებთ ამერიკის როლს?

დღეს სიმბოლიზმი უკვე აღარაფერ შუაშია – დღეს ეს შემდგარი ფაქტია და ამას ყველა ხედავს ლიბიაში, სირიაში, ირანში. დამცირება, დამცირების შემდეგ. შეერთებული შტატები აგებს მოსკოვთან – სატელევიზიო მასკარადი ამერიკელი ჯაშუშების შესახებ, კერი – რომელიც სამსაათ-ნახევრის განმავლობაში უცდიდა პუტინთან შეხვედრას. ლიბიაში ინტერვენციას ბენღაზი უნდა გადაერჩინა, ამ დროს ჩვენი ხალხი დაიღუპა იქ. ირანი უშიშრად აგრძელებს თავისი მიზნისკენ სწრაფვას. ყველგან ასეა. 2009 წლიდან ვწერ, რომ ობამა სწორედ ამ მიმართულებით მიდის. დღეს ეს ყველასთვის ცხადია.

ამერიკელი ჯაშუშები ახსენეთ, როგორ ფიქრობთ, რა გავლენას იქონიებს ეს რუსეთ-ამერიკის ურთიერთობებზე. ჩვენ ვაკვირდებოდით კერის ვიზიტს მოსკოვში – ის ძალიან მეგობრული იყო, კერიმ ბუნდოვნად ახსენა მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის არსებული განსხვავებები, არაფერი დაუკონკრეტებია, ძირითადად იმის ხაზგასმას ცდილობდა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანია...

კი, ისე იქცევიან, თითქოს რუსეთთან ვალში არიან, ცდილობენ, პუტინს ასიამოვნონ, იფიქრებ რუსეთია სუპერძალა, ჩვენ დაგვეშალა ქვეყანა და პუტინია არბიტრი. 1970-80-90-იან წლებში, როდესაც რომელიმე სახელმწიფოს ახლო აღმოსავლეთში პრობლემა ჰქონდა, ვაშინგტონში მოდიოდა. ახლა შეხედეთ ვისთან მიდიან არაბი ლიდერები, სირია, თურქეთი. ისრაელიც კი მოსკოვში მიდის. მოსკოვი გახდა დომინანტი ძალა. გადატვირთვის პოლიტიკის შედეგად რუსეთს მოქმედების არეალი გაეხსნა ახლო აღმოსავლეთში, ამერიკამ დათმო ჩეხეთსა და პოლონეთში ანტისარაკეტო ფარის პროექტი, ხელი შეუწყო რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი გამხდარიყო, მოკლედ, რითაც შეეძლო, ასიამოვნა. პუტინი ამ დროს რას აკეთებს? – გაშმაგებული ანტიამერიკანიზმითაა დაკავებული, ქვეყნიდან აძევებს ყველას და ყველაფერს, რაც ჩვენს გავლენასთან ასოცირდება, რადიო თავისუფლების ჩათვლით. ჩვენ კი ვიღიმით და არაფერს ვამბობთ. ასე რომ, „გადატვირთვა" უბრალოდ კაპიტულაცია იყო.

თქვენ თქვით, რომ რუსეთში აგენტებს უწოდებენ მათ, ვინც დასავლური ღირებულებების პოპულარიზაციას ეწევა. ეს ტენდენცია საქართველოშიც გამოიკვეთა. ზოგიერთის აზრით, ანტიდასავლური და ანტიდემოკრატიული ძალების გაძლიერებას გეოპოლიტიკური მიზეზი აქვს – ამერიკა გავიდა რეგიონიდან, ამბობენ, რომ ამერიკის საგარეო პოლიტიკას უკავშირდება ფერადი რევოლუციების მარცხი პოსტსაბჭოთა სივრცეში...

მართალია, მთავარი მიზეზი სწორედ ესაა. როდესაც ამერიკამ სირია დატოვა, დავინახეთ რაც მოხდა – ეს კლასიკური მაგალითია, ახლა რეგიონს ირანი აკონტროლებს. ირანი, რუსეთი და ჰეზბოლა. იგივე შეიძლება ითქვას ლიბიიდან გამოსვლაზეც. როგორც ამბობენ, ადგილი დიდხანს ცარიელი არ არჩება, ვაკუუმს ყოველთვის ვიღაც ავსებს. ცენტრალური ევროპაც კი, რომელიც NATO-ს წევრია, რუსეთის გავლენის გავრცელების საფრთხის ქვეშაა – იმიტომ რომ ამერიკამ პოზიციები დათმო, ანტისარაკეტო ფარის განთავსებაზე უარი თქვა. ჩვენ მათ არ ვეხმარებით, რომ რუსეთი დააბალანსონ. იოლი წარმოსადგენია, იმ ქვეყნებში რა ხდება, რომლებიც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები არ არიან – უკრაინაში, საქართველოში, მეზობელ რესპუბლიკებში.

ჩვენ ავღანეთიდან გამოვედით. ფაქტობრივად გამოსულები ვართ. ეს პრეზიდენტი ამისთვის მოვიდა. გამოვდივართ ისე, რომ უკან არაფერს ვტოვებთ. დაახლოებით ისე გამოვიყურებით, როგორც ვიეტნამის შემდეგ, 1970-იან წლებში. ჩვენი მარცხი ვიეტნამით არ დასრულებულა. 1979 წელი Annus mirabilis (სასწაულების წელი) იყო საბჭოთა იმპერიისთვის, ჩვენ გამოგვაგდეს ირანიდან, რუსებმა კონტროლი მოიპოვეს ნიკარაგუაზე, კამბოჯაზე, ავღანეთზე, გრენადაზეც კი.

კი, მაგრამ ბევრი ამბობს, რომ ეკონომიკური და სამხედრო ფაქტორების გათვალისწინებით, რუსეთი საბჭოთა კავშირი ვეღარასოდეს გახდება...


კი, მაგრამ გავლენა და ძლიერება ყოველთვის ობიექტურ რიცხვებში არ ისახება. ქვეყნის ძალა უდრის რეალურ ძალას, გამრავლებულს მისი გამოყენების სურვილსა და მზადყოფნაზე. რუსეთი მზადაა ძალა იხმაროს გავლენის განსამტკიცებლად. თქვენნაირ პატარა ქვეყნებზე გავლენის მოსაპოვებლად კი სულაც არაა განსაკუთრებული ეკონომიკური ძლიერება საჭირო. თქვენს პრემიერმინისტრს 7 მილიარდი დოლარი აქვს. ამერიკისთვის ეს ერთი ლანჩია, შესაძლოა სადილი. მეტი არაფერი. მაგრამ თუ ამერიკა მზად არაა, თავისი ძალა გამოიყენოს, ეს ნიშნავს, რომ უძლურია. ასე რომ, ჩემთვის ეს ნების საკითხია. სწორედ ამიტომ დავწერე, რომ დაღმასვლა არჩევანია, ჩვენი არჩევანი. ამერიკის დაღმასვლას მთელი მსოფლიო გრძნობს – ზუსტად ისე, როგორც 1970-იან წლებში.

კი, მაგრამ ობამა ხელახლა აირჩიეს, ანუ ეს არ არის ერთი პოლიტიკოსის არჩევანი, ეს ამერიკელი ხალხის არჩევანია...

კი, ასეა. ხალხს არ მოსწონს ბევრი რამ, რასაც ობამა აკეთებს, მაღალი ხარჯები, გადასახადები. მაგრამ მის საგარეო პოლიტიკაზე საყვედურები არ ისმის. ხალხს არ აწუხებს მისი საგარეო პოლიტიკა.

რესპუბლიკელების მდგომარეობას როგორ აფასებთ? დღევანდელ ამერიკას ვიეტნამის შემდგომ პერიოდს ადარებთ, მაგრამ შემდეგ იყო რონალდ რეიგანი და სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. რამდენადაა შესაძლებელი, რომ მსგავსი რამ მოხდეს?

რეიგანს ვერ ვხედავ, მაგრამ ვიცი, რომ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ. მათ შორის ბევრი ახალგაზრდა და ნიჭიერი ლიდერია. ამას გარდა, ისტორიულადაც ასეა – როდესაც პარტია თეთრ სახლს ორი ვადით ინარჩუნებს, შემდეგ მისი დატოვება უხდება. ერთადერთი გამონაკლისი რონალდ რეიგანი იყო, რომელმაც თეთრი სახლი უფროს ბუშს გადაულოცა. ასე რომ, 2016 წლამდე უნდა მოითმინოთ.

და ბოლო შეკითხვა, რეიგანი რადგან ახსენეთ. ცოტა ხნის წინ მარგარეტ თეტჩერი გარდაიცვალა. როგორ შეაფასებდით მის მემკვიდრეობას?

მან, მარტომ, ბრიტანეთი გადაარჩინა. ხოლო რეიგანთან, ჰელმუტ კოლთან და იოანე პავლე მეორესთან ერთად საბჭოთა კავშირი დაამარცხა. ამის ნახევარსაც კი თუ შეძლებს ვინმე, შეუძლია იამაყოს, რომ უდიდესი კვალი დატოვა. ეს არის მისი ორი ძირითადი მიღწევა.

თეტჩერმა ბრიტანეთი სოციალიზმს გადაარჩინა და ახალი ეპოქა შექმნა. იდეოლოგიური რევოლუციის წარმატება იზომება არა იმით, მმართველობის დროს რა შეძელი, არამედ იმით, თუ რა ხდება, როცა ხელისუფლებაში სხვები მოდიან. მაგალითად, რუზველტი ავიღოთ, რესპუბლიკელები ამბობენენ, რომ ის საშინელებებს ჩადიოდა, მაგრამ ეიზენჰაუერთან ერთად როცა დაბრუნდნენ თეთრ სახლში, არაფერი შეუცვლიათ. იგივე მოხდა ლიბერალიზმის მეორე ტალღის დროს – დემოკრატი კენედის და ჯონსონის შემდეგ რესპუბლიკელი ნიქსონი მოვიდა და არაფერი შეუცვლია, პირიქით, მათი დაწყებული მემარცხენე საქმე განაგრძო, გარემოსდაცვითი სააგენტო მის დროს შეიქმნა, Affirmative Action მისი შემოღებულია.

ისტორიას მაშინ ცვლი, როდესაც შენი იდეოლოგია სიცოცხლეს განაგრძობს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხელისუფლების სათავეში სხვა ხალხი მოდის.

ეს გააკეთა რეიგანმა – თავისი ინაუგურაციიდან 10 წუთში განაცხადა, რომ მთავრობა არა შვება, არამედ პრობლემაა. წლების შემდეგ მოვიდა კლინტონი და რა თქვა 1996 წლის მიმართვისას? – რომ დიდი მთავრობების ერა დასრულდა, გაიმეორა ის, რაც რეიგანმა დაამკვიდრა.

იგივე მოხდა თეტჩერის შემთხვევაშიც. ოპონენტი პოლიტიკური ძალის ლიდერმა, ტონი ბლერმა, თეტჩერის დაწყებული საქმე განაგრძო. თეტჩერმა არა მხოლოდ ბრიტანეთი, არამედ ლეიბორისტული პარტიაც შეცვალა. მან ქვეყნის იდეოლოგიური ტრაექტორია შეატრიალა.

კომენტარები