ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. ამის შესახებ ლაშა გოლუბიანმა ინტერპრესნიუსთან განაცხადა.
მისი თქმით, რცხილაძე გუშინ, 29 მაისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს და ბრალს 31 მაისს წარუდგენენ. როგორც ადვოკატი ამბობს, მას გაუთქმელობაზე აქვს ხელი მოწერილი და დეტალებზე ვერ ისაუბრებს.
"გუშინ დააკავეს, მოსამართლის განჩინებით მივიდნენ. როდესაც სუს-ის შენობაში გადაიყვანეს, ვინახულე, საქმის მასალებსაც გავეცანი, ბრალი ხვალ უნდა წარუდგინონ. რაც თქვეს, იმაზე მეტს ვერ გეტყვით, ორი ქვეყნის სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობას ედავებიან, საქმის დეტალებზე ვერ გესაუბრებით, რადგან გაუთქმელობაზე მაქვს ხელი მოწერილი.
ბრალს ბუნებრივია, არ აღიარებს, სასამართლო განხილვებზე შევეცდებით სიმართლე დავამტკიცოთ. ეს ადამიანი საჯარო ფიგურა იყო, კონფერენციებს მართავდა, ობიექტივზეც გადაცემა მიჰყავდა, თავის საქმიანობის შესახებ ყველაფერს საჯაროდ ჰყვებოდა, არც წვდომა არ ჰქონდა საიდუმლო ინფორმაციასთან და მისი საქმიანობა ჯაშუშური ქმედება რანაირად გამოდის, ვერ ვხვდები" - განაცხადა გოლუბიანმა ინტერპრესნიუსთან.
მათივე ცნობით, ადვოკატი კონკრეტულ პასუხს არ სცემს კითხვაზე, რომელი ქვეყნების სასარგებლოდ ჯაშუშობას ედავებიან რცხილაძეს.
"დაველოდოთ, სუს-მა თქვას თვითონ. არის გარკვეული სახის ვიდეომასალა, წერილობითი მტკიცებულებები, უბრალოდ, რამდენად აკმაყოფილებს იმ სტანდარტს, რომ ადამიანის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დადგეს, ეს სხვა საკითხია. არის რაღაც მტკიცებულებები, მაგრამ ამ მტკიცებულებებით ვერ დასტურდება, რომ რამე კანონსაწინააღმდეგო ქმედება აქვს ჩადენილი გულბაათ რცხილაძეს.
გამოკითხვაზე არც მანამდე ყოფილა დაბარებული და არც გუშინ, რომ მივედი, მაშინაც გამოუკითხავთ. ჩემი ვარაუდით, ხვალ, ბრალის წარდგენის პარალელურად გამოკითხვა მოხდება და იქ დააფიქსირებს თავის პოზიციას" - თქვა გოლუბიანმა.
30 მაისს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჯაშუშობის ბრალდებით, საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს, რომელიც დაკავშირებული იყო ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან. პრორუსი გულბაათ რცხილაძე ევრაზიის ინსტიტუტის დამფუძნებელია.




