პირადი ცხოვრების ამსახველი არქივი

კახი კახიშვილი: ახლა მასალების განადგურება დაუშვებელია

რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერმინისტრის ბიძინა ივანიშვილის მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივის განადგურების ერთ-ერთ პრინციპულ მოწინააღმდეგედ დასახელებული კახი კახიშვილის განცხადებით, მასალების ამ ეტაპზე განადგურება დაუშვებელია.

"ეს მასალები წარმოადგენს ნივთიერ მტკიცებულებას იმ საქმეზე, რომელიც აღძრულია პოლიციის ყოფილი თანამდებობის პირების მიმართ ადამიანების უკანონოდ თვალთვალის საკითხზე. ამ მასალის განადგურება, უბრალოდ, შეუძლებელია და არ შეიძლება მანამ, სანამ იმ აღძრულ საქმეზე დადგება სასამართლოს განაჩენი", - განუცხადა მან რუსთავი 2-ს.

ინტერპრესნიუსთან კომენტარში კი კახიშვილმა უფრო ვრცელი განმარტება გააკეთა: "როდესაც სისტემა მოქმედებს იმისათვის, რომ ასეთი ტიპის კადრები მოიპოვო და მანიპულაცია მოახდინო ადამიანებზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ადგილი აქვს სახელმწიფო თანხების გაფლანგვას და უფლებამოსილების გადამეტებას. იმისათვის, რომ შენ ეს დანაშაული ადამიანებს დაუმტკიცო, საჭიროა ნივთიერი მტკიცებულება - რა გამოიყენა ბოროტად, როდის გადაიღო და ასე შემდეგ. აი, ამაზეა საუბარი. მაგალითად, პირობითად რომ ვთქვათ, მოხდა დათა ახალაიას დაკავება და ეუბნებიან, რომ ის 2005 წლიდან 2009 წლამდე ადამიანის პირადი ცხოვრების ამსახველ მასალებს უკანონოდ იღებდა, სასამართლო პროცესზე რა უნდა ითქვას, რომ ჰქონდათ ამის დამადასტურებელი კადრები, მაგრამ გაანადგურეს? დანაშაული არის სწორედ ის, რომ არ შეიძლებოდა ასეთი მასალების შენახვა, მაგრამ ინახავდნენ და ეს უნდა დაუმტკიცო. მტკიცებულებებით უნდა დაამტკიცო, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა "ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონის დარღვევას".

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, ამ საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებენ მას შემდეგ, რაც ექსპერტებთან კონსულტაციებს გაივლიან. აქამდე სამინისტრო დაპირებას იძლეოდა, რომ მასალები დაუყოვნებლივ განადგურებოდა.

კომენტარები