პრემიერ მინისტრი

ივანიშვილი: პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების არქივი შეიძლება შეინახოს

ბიძინა ივანიშვილი
ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შეიძლება არ განადგურდეს და ისე "შეინახოს, როგორც ბანკში ფული", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. 

ივანიშვილის თქმით ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და მასალის განადგურებას მოწინააღმდეგე ექსპერტები ჰყავს. 

"განადგურების ერთ-ერთი პრინციპული მოწინააღმდეგე კახი კახიშვილია. შეიძლება ვნახოთ მეთოდი, მაგალითად, მასალები შეინახოს ისე, როგორც ბანკში ფული ინახება ან რამე მსგავსი. წვდომა ჰქონდეს რამდენიმე ორგანიზაციას და ა.შ. საბოლოო ჯამში ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ სირცხვილს თავი ავარიდოთ და პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების გავრცელების ფაქტი საქართველოში აღარ განმეორდეს," განაცხადა ივანიშვილმა. 

ივანიშვილს არ დაუზუსტებია, თუ რისთვის შეიძლება დასჭირდეს სახელმწიფოს პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეობი. 

29 მაისს ბრიუსელში ვიზიტისას შს მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა რამდენიმე დღეში განადგურდებოდა. არქივის განადგურებაში ჩართვის სურვილი გამოხატეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ", "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ" და "კონსტიტუციის 42-ე მუხლმა".

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გელა ხვედელიძემ გამოაქვეყვნა.  

 

კომენტარები