ეროვნული უშიშროების საბჭო

საგარეო საქმეთა სამინისტრო უშიშროების საბჭოს სხდომის გადადებას სთავაზობს

facebook.com/maiapanjikidzeofficial

საგარეო საქმეთა სამინისტრო უშიშროების საბჭოს წინადადებით მიმართავს, 5 ივნისს ჩანიშნული სხდომა ორშაბათისთვის გადაიდოს. ამის შესახებ აშშ-ში ვიზიტით მყოფმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მაია ფანჯიკიძის თქმით, უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა მიმასალმებელია, თუმცა მისი გადადება სასურველია, რადგან საბჭოს წევრი საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრები საქართველოში არ იმყოფებიან:

"უშიშროების საბჭოს სხდომის დანიშვნა არის ძალიან კარგი, მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას. სამწუხაროდ. არც მე ვარ თბილისში და არც თავდაცვის მინისტრი, რომელიც იმყოფება ბრიუსელში, NATO-ს თავდაცვის მინისტრების მინისტერიალზე. ამიტომ, როგორც მე შემატყობინეს საგარეო საქმეთა სამინისტროდან, იქნება წინადადება, რომ ეს სხდომა გადაიდოს ორშაბათისთვის. იმედი მაქვს, ასეც მოხდება. ეს იქნება პირველი სხდომა მას შემდეგ, რაც ახალი მთავრობაა ხელისუფლებაში და მიმაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, მას უწყებების პირველი პირები ესწრებოდნენ", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

უშიშროების საბჭოს სხდომა საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მოიწვია.

 

კომენტარები