საქართველო-რუსეთი

დუგინი: საზღვრების პრობლემა საქართველოს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებით გადაწყდება

primordial.org.ua

რუსეთში მოქმედი ევრაზიული მოძრაობის ლიდერი და იდეოლოგი, ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი აცხადებს, რომ ე. წ. საზღვრები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების გასწვრივ მხოლოდ იმ შემთხვევაში გაუქმდება, თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდება.

„ჩვენ სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ მივიჩნევთ და ცხინვალთანაც ისეთი ურთიერთობა გვაქვს, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან, რომელსაც სრული უფლება აქვს, მოახდინოს საკუთარი საზღვრების დემარკაცია“,  - განაცხადა დუგინმა რადიო გოლოს როსიისთვის მიცემულ ინტერვიუში. ამავე დროს, მისი თქმით, „გულუბრყვილობა იქნებოდა გვეფიქრა, რომ ამას ქართველები ან საერთაშორისო თანამეგობრობა ლეგალურ ქმედებად მიიღებენ. ამიტომ, საზღვრების დემარკციის დროს კოლიზია გარდაუვალია.   ჩვენს გარდა, სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არავინ მიიჩნევს, ასე რომ, უნდა გავმაგრდეთ, რადგან პერიოდულად რუსეთზე ამ მიმართულებით იურიდიული, პოლიტიკური და დიპლომატიური შეტევები განხორციელდება“.

დუგინის განცხადებით, მოსკოვმა სწორი გადაწყვეტილება  მიიღო 2008 წელს და „გენოციდისგან ერი გადაარჩინა“, გაათავისუფლა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი და ახლა პასუხს აგებს მათ საზღვრებზე.

„როგორ გადავწყვიტოთ სიტუაცია უფრო რბილად? თუ საქართველო ევრაზიულ კავშირში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ერთად გაწევრიანდება, მაშინ ევრაზიის კავშირის ფარგლებში საზღვრების დემარკაციის საკითხი მნიშვნელობას კარგავს, ისევე როგორც, მაგალითად, ევროპაში“  -  განაცხადა დუგინმა.

მისი თქმჳთ, ევროკავშირის ქვეყნებს შორის საზღვრები შეუმჩნეველია და „ასევე აღარავინ შეამჩნევს აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთს, საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრებს, იმ შემთხვევაში, თუ საქართველო ევრაზიის კავშირში გაწევრიანდება. ეს ერთადერთი საშუალებაა, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ“.

„თქვენ არ გამოგივიდათ ნაციონალური სახელმწოფოს შექმნა. ისევე, როგორ არავის პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ამიტომ, უნდა დავუბრუნდეთ განვითარების სწორ მოდელს - საერთო, ტრანსნაციონალურ განვითარების მოდელს რეგიონულ კონტექსტში. ასე რომ, თუ არ მოინდომებთ, ჩვენ ახლა დროებით დემარკაციას განვახორციელებთ. შემდეგ კი შეგვიძლია ამ საზღვრების მნიშვნელობა მეორეხარისხოვანი გავხადოთ, ან საერთოდ ნულამდე დავიყვანოთ“,  - განმარტა ალექსანდრ დუგინმა.

მისი თქმით, ივანიშვილის არჩევის შემდეგ თბილისმა  თავისი პოზიცია მკვეთრად შეცვალა და „ახლა ეს სრულიად სხვა ქვეყანაა“. „ვფიქრობ,სიტუაციის ესკალაცია ახლა უბრალოდ შეუძლებელია. რამდენადაც საქართველოში ყველამ შეიგნო, რომ სააკაშვილის პოლიტიკა თვითმკვლელობაა. მისი გაგრძელება კიდევ რაღაც ტერიტორიის დაკარგვამდე მიგიყვანთ. ამიტომ, ივანიშვილო, მოდით, ავაწყოთ რუსეთთან ურთიერთობები, ნუ ვიჩხუბებთ საზღვრების გამო. მაშინ ჩვენ ვთხოვთ ჩვენს მეგობრებს სამხრეთ ოსეთში, დემარკაცია არ იჩქარონ. ანუ, ქართველებმა ჩვენზე ზეწოლის ნაცვლად, კეთილი ნების დემონსტრირება უნდა მოახდინონ. თუმცა, ამერიკელები კვლავ აგრძელებენ მათ გამოყენებას საკუთარ თამაშში და ეს გარკვეული პერიოდი კიდევ გაგრძელდება. თუმცა საჭიროა, უკვე ურთიერთობების სულ სხვა სტილზე აიღოთ ორიენტირი“,  - განაცხადა ევრაზიუ კავშირის ლდიერმა.

მან აღნიშნა, რომ ივანიშვილი „პრაგმატული პოლიტიკოსი“ და „ქართველი ნაციონალისტია“, რომელიც „ქართველი ხალხის ინტერესების კარნახით მოქმედებს და ესმის, რა არის მისთვის სასარგებლო და რა არა“.

„ის ქართველი ქართველია, სააკაშვილი კი ამერიკელი ქართველი. აი, ეს არის განსხვავება. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მსგავსი, ეროვნული ყაიდის გონიერ პოლიტიკოსებთან, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს, საზოგადოების და არა მესამე მხარის ინტერესებზე ფიქრობენ, ჩვენ, რა თქმა უნდა, შევძლებთ ავაშენოთ საკმაოდ თანმიმდევრული და გაუმჯობესებული ურთიერთობების სისტემა“, - დასძინა ალექსანდრ დუგინმა.

კომენტარები