მარიხუანის ლეგალიზაცია

Microsoft-ის ყოფილი მენეჯერი მარიხუანის ბიზნესს იწყებს

salon.com

კომპანია Microsoft-ის ყოფილმა ტოპმენეჯერმა განაცხადა, რომ  შეერთებულ შტატებში მარიხუანის პირველი ეროვნული ბრენდის შექმნას აპირებს.

Reuters-ის ცნობით, 45 წლის ჯეიმენ შიველი აცხადებს, რომ მის მიერ დაფუძნებული კომპანია გახდება ლიდერი მარიხუანის ბაზარზე, სწორედ ისე, როგორც სტარბაქსი ყავის ბრენდებს შორის. მას იმედი აქვს, რომ მარიხუანით ვაჭრობა მალე ლეგალური გახდება. მანამდე კი კანაბისის სამედიცინო მიზნებით წარმოებას გეგმავს.

შიველი Microsoft-ში კორპორატიული სტრატეგიის მენეჯერად 2009 წლამდე მუშაობდა.

ბიზნესმენმა განაცხადა, რომ პროექტისთვის 10 მილიონი დილარის ინვესტიციები მოიზიდა. შეერთებულ შტატებში მარიხუანის გაყიდვა  და შენახვა აკრძალულია. თუმცა, ორ შტატში - ვაშინგტონსა და კოლორადოში, მისი მოხმარება ლეგალიზებულია. 18 შტატში კი დასაშვებია მარიხუანის გამოყენება სამედიცინო მიზნებისათვის. "ჩვენ გვაქვს წინსვლა ჩვენს გეგმებთან დაკავშირებით,  რომელიც კანაბისის ეროვნული და, საერთო ჯამში, საერთაშორისო ქსელის შექმნას გულისხმობს. ეს გეგმები კანაბისის წარმოებას, გადამუშავებასა და საცალო რეალიზაციას მოიცავს", - განაცხადა ჯეიმენ შიველიმ.

იგი ვარაუდობს, რომ მარიხუანის სრული ლეგალიზების შემთხვევაში, აშშ-ის ბაზრის მოცულობა 200 მილიარდ დოლარამდე იქნება, მსოფლიო ბაზრისა კი - ნახევარ ტრილიონზე მეტი. გაეროს მონაცემებით, ამჟამად მარიხუანის მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა წელიწადში 143 მილიარდი დოლარია. 

კომენტარები