საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პროკურატურის თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა. ივანიშვილის განცხადებით, პროკურატურა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში საამაყო პროფესიაა, რადგან მათი დანიშნულება დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაა. მისი თქმით, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ პროკურატურასა და საზოგადოებას შორის ნდობა აღდგეს.
"ძალიან რთულია პროკურორი იყოს საყვარელი, რადგან მასში მაინც იგულისხმება, რომ დამსჯელია, მაგრამ თქვენ გაქვთ ყველანაირი შანსი, რომ ღირსება აღიდგინოთ, პატივისცემა უნდა გქონდეთ მოსახლეობის. მაქსიმალურად უნდა აღიდგინოთ შელახული პრესტიჟი. მე იმედს ვიტოვებ, რომ პროკურორობა ერთ-ერთი პრესტიჟული და საყვარელი პროფესია იქნება", - განაცხადა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა ასევე თქვა, რომ პირადად იქნება გარანტი იმისა, რომ პროკურატურის ვერცერთ თანამშრომელს ვერავინ აიძულოს კანონიდან გადახვევა. მან ასევე ისაუბრა პროკურატურის თანამშრომლების სტაჟის შესაბამისად სახელმწიფო კომპენსაციით უზრუნველყოფაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროკურორები უზრუნველყოფილ იქნან სახელმწიფო კომპენსაციით. თქვენმა ხელმძღვანელობამ მოგვაწოდა პროექტი და ამას ჩვენ აუცილებლად მხარს დავუჭერთ. ამ პროექტით სახელმწიფოსგან კომპენსაციას მიიღებს ყველა, ვისაც ოცწლიანი მუშაობის სტაჟი აქვს, მაშინ როცა ეს ახლა 25-წლიანი სტაჟის დაგროვების შემთხვევაში ხდება. ჩვენი მთავრობა მაქსიმალურად იბრძოლებს, რომ თქვენ მეტი მოტივაცია გაგიჩნდეთ. ყველანაირი შესაძლებლობა გექნებათ ღირსება აღიდგინოთ და თქვენთვის მთავარი გახდეს კანონი", - განაცხადა ივანიშვილმა.





